ნიუ ჰოსპიტალსის ექიმის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს, სავარაუდოდ, კლინიკიდან გაწერენ.
"ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია აბსოლუტურად, უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ წუთისთვის კვლევებისა და კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვეტთ, სავარაუდოდ, აღარ იქნება მისი ინტენსიურ თერაპიაში გაჩერება და მისი მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად, ანუ დღეს, ალბათ, დღის განმავლობაში სახლში გავუშვებთ", - თქვა ექიმმა.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს.
გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.