logo
ENG



მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, გიგაშვილი გადადგა, კალაძე თანამდებობაზე რჩება

19 ოქტ 202212:29
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ გიგაშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ მერიაში გააკეთა.

გიგაშვილის თქმით, ის გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას მისი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ დააკავეს და მიზანშეწონილად მიაჩნია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. 

გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. 

„მინდა განვაცხადო, რომ ვინაიდან დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩემი მოადგილე ამ ეტაპისთვის არის დაკავებული, მე როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში გაეცეს პასუხი“ - განაცხადა გიგაშვილმა.

 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.


close დახურვა