უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და ძალაში დღეიდან შევიდა. შავ სიაში შესაყვან პირთა სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა.
ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესეს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილსაც.
საერთო ჯამში, სანქციები შეეხო 3 800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა, ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი, რუსეთის უმდიდრესი ადამიანი ვლადიმერ ლისინი.
სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ.
სანქციების თანახმად, ხსენებულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი. სულ სანქციები 13 პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული.
1) აქტივების ბლოკირება - ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლების დროებით ჩამორთმევა, აგრეთვე იმ აქტივების მიმართ, რომელთა მიმართაც ასეთ პირს შეუძლია პირდაპირ ან ირიბად (სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით) განახორციელოს ქმედებები.
2) სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა);
3) უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტის, ფრენების და ტრანსპორტირების შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა);
4) უკრაინიდან კაპიტალის გაყვანის პრევენცია;
5) ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერება;
6) ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმება ან შეჩერება, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება;
7) უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და უცხო სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებად ან მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი პირების პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვა;
8) უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში, მის შიდა წყლებში, პორტებსა და უკრაინის საჰაერო სივრცეში უცხოური არასამხედრო გემებისა და სამხედრო გემების შესვლის აკრძალვა ან შეზღუდვა ან უკრაინის ტერიტორიაზე დაშვება (სრული აკრძალვა);
9) უცხო სახელმწიფოში ინვესტიციების განხორციელების, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე სავალუტო ღირებულების განთავსების ნებართვების, ეროვნული ბანკის ლიცენზიების გაცემის აკრძალვა;
10) უცხო სახელმწიფოდან უკრაინაში იმპორტის ნებართვების, ლიცენზიების გაცემის ან უკრაინიდან ვალუტის ღირებულების ექსპორტის შეწყვეტა და უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ გაცემული გადახდის ბარათებზე ნაღდი ფულის განაღდების შეზღუდვა;
11) ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა, უფლებების გადაცემა ინტელექტუალურ საკუთრებაზე;
12) უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა, აღნიშვნის სხვა ფორმები;
13) მიწაზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვა.
სანქციების კონტროლზე პასუხისმგებელი უკრაინის უსაფრთხოების საბჭო და ეროვნული ბანკი არიან.
გარდა ამისა, განკარგულების თანახმად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა სანქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებებისთვის და მათთან ანალოგიური სანქციების ამოქმედების საკითხის განხილვა.