logo
ENG



დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა

20 ოქტ 202216:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/7byf6szs0op9qnb.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა.მან განცხადება დაუნინგ სთრითზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.

„მე პოსტი დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის ფონზე დავიკავე. ოჯახები და ბიზნესები ღელავდნენ, როგორ გადაიხდიდნენ გადასახადებს, პუტინის უკანონო ომი უკრაინაში კი საფრთხეს უქმნის მთელი კონტინენტის უსაფრთხოებას. და ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია შეფერხებულია დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო. მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია მანდატით, რომ ეს შემეცვალა. ჩვენ შევძელით ენერგოგადასახადების შემცირება და შევამცირეთ ეროვნული დაზღვევა. და ჩვენ შევიმუშავეთ დაბალი გადასახადების გავლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ხედვა, რომელიც ბრექსიტით მოპოვებული თავისუფლებებით ისარგებლებდა. მე ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში ვერ ვასრულებ მანდატს, რომელზეც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია. შესაბამისად ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს და შევატყობინე, რომ მე ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას" - განაცხადა ტრასმა.

ტრასის თქმით, ის დღეს შეხვდა კონსერვატიული პარტიის წევრთა კომიტეტის ხელმძღვანელს გრეჰემ ბრეიდის და ისინი შეთანხმდნენ, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნები მომავალ კვირაში გაიმართება, ის კი თანამდებობაზე მანამდე დარჩება, ვიდრე ახალ პრემიერმინისტრს აირჩევენ.

ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იყო პრემიერმინისტრი.

მისი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა. 

ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ აირჩიეს. მან კონსერვატიული პარტიის არჩევნებისას კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა დაბალი გადასახადების, ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის შესახებ დაპირებებით მოიპოვა. ტრასმა პარტიის ლიდერის არჩევნებში დაამარცხა რიში სუნაკი და თანამდებობა ოფიციალურად 5 სექტემბრიდან დაიკავა. 

ტრასი საკუთარი პარტიის, ოპონენტებისა და ინვესტორებისგან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე, რომ მისი პოლიტიკური გეგმა ქვეყანაში ინფლაციას და ობლიგაციების ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევდა.

ბოლო 1 კვირაში ტრასმა ადმინისტრაციიდან 2 მინისტრი დაკარგა.

23 სექტემბერს ტრასის ფინანსთა მინისტრმა, კვასი კვარტენგმა გამოაცხადა ე.წ "მინი-ბიუჯეტის" გეგმა, რის შემდეგაც მის მიერ შემუშავებული გადასახადების შემცირების გეგმის საპირისპიროდ დიდი ბრიტანეთის ობლიგაციების ბაზარზე არეულობა დაიწყო.

ინვესტორებმა უარყვეს ტრასის ხელისუფლების განცხადება, რომ გადასახადებს შეამცირებდა და გაზრდიდა სესხების გაცემას სწრაფი ზრდის მიზნით. მათი თქმით, ეს გეგმა ინფლაციას გაზრდიდა, მაშინ როცა ინგლისის ბანკი მის შემცირებას ცდილობს.

ასევე მზარდი საპროცენტო განაკვეთის ფონზე გაჩნდა საფრთხე სახელმწიფო ვალის მდგრადობის კუთხით. ფუნტი რეკორდულად გაუფასურდა ამერიკულ დოლართან მიმართებით, ობლიგაციების ფასები კი დაეცა. ამან თავის მხრივ, გაზარდა იპოთეკის პროცენტი.

ინგლისის ბანკს მოუწია სამჯერ ჩარევა, რათა თავიდან აერიდებინა სამთავრობო ობლიგაციების ბაზარზე სრული ჩამოშლა.

შედეგად ტრასმა აღიარა შეცდომა, უარი თქვა ამ ფისკალურ გეგმებზე და გაათავისუფლა კანცლერი კვასი კვარტენგი. გეგმა კი თითქმის მთლიანად შეიცვალა 3 კვირაში, ახალი ფინანსთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის არჩევის შემდეგ.

კონსერვატიული პარტიის იმ დეპუტატების რიცხვი, ვინც ტრასს გადადგომისკენ მოუწოდებდა სულ უფრო იზრდებოდა. ხუთშაბათისთვის იმ დეპუტატების რიცხვმა, ვინც პრემიერმინისტრისადმი ნდობა წერილობით უარყო 100-ს მიაღწია.

 

close დახურვა