დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისთვის იმ დრონების მიწოდების გამო, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, ირანის 3 მოქალაქესა და კომპანია Shahed-ს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დრონების მიწოდებით ირანი სარგებლობს უკრაინის მოქალაქეებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმებით და ხელს უწყობს ადამიანების ტანჯვის ზრდასა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ნგრევას.
ბრიტანეთის თქმით, რუსეთი და ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევენ, რომლის მიხედვითაც ამ ტიპის იარაღის ირანიდან გაგზავნა აკრძალულია.
„ირანის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი და უკანონო ომის მხარდაჭერა სამწუხაროა. დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც იმ დრონებს აწვდის, რასაც რუსეთი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ეს მსოფლიო უსაფრთხოებაში ირანის დესტაბილიზაციის მომტანი როლის მკაფიო სამხილია.
დრონებით ეს ლაჩრული თავდასხმები სასოწარკვეთის ქმედებებია. ამ დარტყმების დაშვებით, ამ ინდივიდებმა და მწარმოებლებმა უკრაინელი ხალხს გაუგონარი ტანჯვა მოუტანეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ საკუთარი ქმედებების გამო პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ.
ბრიტანეთის სანქციები შეეხოთ იმ 3 ადამიანს ვინც პირადადაა პასუხისმგებელი რუსეთისთვის იმ დრონების მიწოდებაზე. ბრიტანეთმა ამ ადამიანებს ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა და გაყინა მათი ქონება.
ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც ამ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.
რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, ირანს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა.
"3-დღიანი განხილვების შემდეგ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ზომების მიღებაზე ირანული საფრენი აპარატების მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ. წერილობითი პროცედურა დასრულებულია, სანქციები ძალაში დღეს, ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა", - წერია ინფორმაციაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნდა.
ევროკავშირი ასევე მზად არის, სანქციები დაუწესოს კიდევ 4 ირანულ ორგანიზაციას, რომლებიც უკვე ფიგურირებდნენ სასანქციო სიის მოსამზადებელ დოკუმენტში. საუბარია 3 ფიზიკურ და ერთი იურიდიულ პირზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი კამიკაძე დრონების მიწოდებაზე.