logo
ENG



აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი "ბინძური ბომბის" შესახებ რუსეთის ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ

24 ოქტ 202212:01
3 წუთის საკითხავი
 
აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი "ბინძური ბომბის" შესახებ რუსეთის ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ

აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ განცხადებაში ამბობენ, რომ რუსეთის ბრალდება უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენების შესახებ სიცრუეა. სამი ქვეყნის მთავრობა ასე რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ქვეყნებმა შოიგუს ამ განცხადებას აშკარად ცრუ ბრალდება უწოდეს - მათი თქმით, მსოფლიო კარგად დაინახავს ნებისმიერ მცდელობას, რომ რუსეთმა ეს ბრალდებები ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.

"ჩვენ, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელახლა ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას რუსეთის მიმდინარე აგრესიის პირობებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. რამდენ ხანსაც საჭიროა გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, დაიცვას თავისი ტერიტორია", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მისი მოთხოვნის საფუძველზე ფრანგ, ბრიტანელ, თურქ და ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც ამტკიცებდა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, შესაძლოა, "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავდეს.

ბრალდებებს მალევე გამოეხმაურნენ უკრაინის ლიდერები - საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამას აბსურდული და სახიფათო უწოდა. მისი თქმით, უკრაინას არც "ბინძური ბომბი" აქვს და არც მის შეძენას გეგმავს.

"მეორეც, რუსეთი ხშირად სხვებს ადანაშაულებს იმაში, რასაც თავად გეგმავს", - დაწერა კულებამ.


close დახურვა