ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუტი, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას".
მელიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით, "ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას და უარს ამბობს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის დოკუმენტში და ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში".
მელია მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს.
"ლევან მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, უბრალოდ გუშინ მათი არჩევით თანამდებობებზე, სადაც აირჩიეს, კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემაში და რაც უფრო დიდხანს გაჩერდებიან სასამართლო სისტემაში, მით მეტი ლევან მურუსიძე ეყოლება ქართულ სასამართლო სისტემას. სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას.
სოსო გოგაშვილი, რომელიც გახლდათ ამ ხელისუფლების საყრდენი ბურჯი წლების განმავლობაში, სწორედ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ასახელებს პირადად ივანიშვილთან გარიგებულ მოსამართლეებად, რომლებთანაც სუს-ი მუდმივ კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო ოცნების სასარგებლოდ დავების გადასაწყვეტად. მათ უნდა შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება, რომელიც წამოვიდოდა ოცნების მხრიდან და საჭიროების შემთხვევაში, სუს-ი მიაწვდიდა მათ შესაბამის, უკანონოდ მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს, რისი მეშვეობითაც მოხდებოდა კონკრეტულ მოსამართლეებზე უკანონო ზეწოლა.
როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას და უარს ამბობს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში მოცემული. მიშელის შეთანხმების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევა უნდა შეჩერებულიყო, სანამ რეალური რეფორმა არ ჩატარდებოდა, 12 პუნქტი კი გარკვევით ეწერა, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და ამ რეფორმის გატარების გარეშე, არავინ იქ არ უნდა დაინიშნოს, მით უფრო ისეთი ოდიოზური პირები, როგორიც გახლავთ ბატონი მურუსიძე.
აბსოლუტურად ყველა ელჩი მოუწოდებდა ხელისუფლებას, შეჩერებულიყო საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნა რეფორმების ჩატარება და რით უპასუხა რუსულმა ოცნებამ - 2021 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომ საბჭოს ყოფილი წევრების ხელახალი არჩევა შესაძლებელი გამხდარიყო. 2022 წელს კი, ევროკავშირის რეკომენდაციების მიღებიდან ზუსტად 10 დღეში, ხელისუფლება ხელმეორედ ირჩევს ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით. ამ ყველაფრის პარალელურად, ოლიგარქის სასამართლო კვლავ წარმატებით ახორციელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და სააკაშვილის დატყვევების შემდეგ, უკვე გვარამიას ატყვევებენ.
მთელი დასავლეთი საუბრობს ჩვენს სასამართლოში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, რუსული ოცნება კი აცხადებს რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რეფორმებს არანაირად საჭიროებს და გუშინ ბატონმა მურუსიძემ განაცხადა ღიად, რომ თუკი ბრძოლა გინდათ, აგერ ვარ და მებრძოლეთო. გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, მეტიც, მათი ქმედიდან ცალსახად იკვეთება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და გასაგები მიზეზების გამო, მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტანა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ მთლიანად ყალბ პროცესად ქცეული პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა ისეთივე სიყალბეა, როგორიც წარმოდგენილია ოცნების მხრიდან მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე და ჩვენი პარტნიორი კოლეგები, ევროპული, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის ქომაგები, ვფიქრობ, უკვე მკვეთრად ხედავენ, რომ ოცნებამ უკვე გადალახა რუბიკონი და არ აპირებენ ამ რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ ხელისუფლებამ რომ უარი თქვა რეკომენდაციებზე ერთია, მაგრამ ჩვენ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ ღიად, დეკლარირებულად არ ვსაუბრობთ უარის თქმაზე, რომელიც გაცხადებულია რუსული ოცნების მხრიდან, მიმაჩნია არც თუ ისე უმნიშვნელო ნაკლოვანებად, ამიტომ ჩემი თხოვნა, მოწოდება იქნება კოლეგების მიმართ საზღვარგარეთ, რომ მათ ღიად ისაუბრონ ამ ნაკლოვანებაზე", - თქვა მელიამ.
მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს.