logo
ENG



ხოშტარია მურუსიძე-გვრიტიშვილზე: ოცნების პირობებში არ გვაქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა

24 ოქტ 202212:48
3 წუთის საკითხავი
clock 488
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნება "არის გზავნილი მოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანას, ოცნების პირობებში, არ აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა".

ხოშტარიას თქმით, მურუსიძისა და გვრიტიშვილის დაბრუნება მაშინ, როდესაც "ევროპული პარტნიორები გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებენ", პრაქტიკულად "სილის გაწვნაა საზოგადოებისთვის და ევროპული პერსპექტივისთვის".

დროას ლიდერი მოუწოდებს საზოგადოებასა და ოპოზიციას, გააკეთონ დასკვნები და იფიქრონ, როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყნის რეალური დეოლიგარქიზაცია.

"დღეს საქართველო იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, გარდა ჩვენი დემოკრატიის ხარისხისა, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე. 24 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს პერსპექტივა არის ძალიან ხელშესახები უკრაინის ბრძოლის გამო, თუ ჩვენ, საქართველოს გვექნება პოლიტიკური ნება, განვახორციელოთ რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა.

ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმა ეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაა. ამ გადაწყვეტილებიდან სულ რამდენიმე დღეში, ოცნებამ ჩინჩალაძე დააწინაურა, დანიშნა და გაამყარა მართლმსაჯულების სისტემის კლანის მმართველობაში. ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც ჩვენ გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებენ ევროპული პარტნიორები, ვხედავთ, რომ სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწვნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში ასევე კლანის გასამყარებლად და მართლმსაჯულების სისტემის ბოლომდე მისატაცებლად.

დღეს ასევე იმართება ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლოს ბოლო სხდომა. პროცესი, რომელმაც პრაქტიკულად გაუგზავნა ევროპას მკაფიო გზავნილი, რომ ოცნება არაფრის ფასად არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას და ურჩევნია პოლიტიკურად დევნოს ოპონენტები, გაანადგუროს მედია, მართლმსაჯულების სისტემა, სცემოს საკუთარი მოქალაქეები, დევნოს აქტივისტები, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააკარგვინოს ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა.

გუშინდელი გადაწყვეტილება მურუსიძესთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი გზავნილი ქართული ოცნების მხრიდან, გზავნილი პირველ რიგში მოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანას ოცნების პირობებში არ აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა. მე დღეს არ მივმართავ ქართულ ოცნებას, არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნების პირობებში ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა არ არსებობს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს სააპელაციო სასამართლო, რომელიც სამარცხვინოდ იქცეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მივმართავ საზოგადოებას, ოპოზიციას და ყველა მოქალაქეს, რომლის კისერზეც საბოლოო ჯამში არის ჩვენი ევროპული მომავალი.

ქართულ ოცნებას არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ის მიტაცებული აქვს და დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გაამყარეს ეს მიტაცება. ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ აქტიურობაზე, ჩვენი დასკვნების გაკეთებაზეა დამოკიდებული, დავთმობთ თუ არა ამ მომავალს. შესაბამისად, არ უნდა შევხვდეთ გულგრილობით მსგავს მტკივნეულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები, დასკვნები უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომელიც კიდევ ტოვებს ილუზიას, რომ შეიძლება ოცნებასთან თანამშრომლობით რაიმეს მიღწევა, დასკვნები უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა და უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ ამ ქვეყნის რეალური დეოლიგარქიზაცია", - თქვა ხოშტარიამ.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს


close დახურვა