logo
ENG



ღარიბაშვილი ორბანს: თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ, მაგალითები გადმოვიღეთ

27 ოქტ 202215:02
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

ღარიბაშვილის თქმით, ორბანის ლიდერობით უნგრეთი წარმატებული ქვეყანა გახდა და მისმა მთავრობამ წარმატებული რეფორმები განახორციელა, რომელთა ნაწილიც, საქართველოს პრემიერს თქმით, საქართველომ უნგრეთისგან მაგალითად გადმოიღო.

საქართველოს პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ სურს, საქართველო უნგრეთთან სხვადასხვა მიმართულებით მეტად დაახლოვდეს, მათ შორის პოტენციალს ენერგეტიკაში ხედავს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონი ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან  წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დროს ქვეყნები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან და უნგრეთის პრემიერის პოლიტიკის მიმართ პატივისცემა გამოხატა და განაცხადა, რომ თავადაც მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ქვეყნის და ხალხის ინტერესები დაიცვან.

"ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობას და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნების და საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა აქვე აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ მთავარი ამოცანა ახლა „მომმაკვდინებელი ომის შეჩერება“ უნდა იყოს, რაც სხვადასხვა ტიპის პრობლემებს ქმნის. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

"ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება", - თქვა მან.

პრემიერმა ორბანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მადლიერია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ორბანის პოზიციის გამო. მან უნგრეთის პრემიერი საქართველოშიც დაპატიჟა.

ბრიფინგის ბოლოს  ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩვენი მასპინძლობისთვის და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

close დახურვა