ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ კვლევის შედეგად მთავარ გამოწვევებად საჯარო სექტორში დასაქმებულთა დიდი რაოდენობა და მუდმივად მზარდი სოციალური ხარჯები დაასახელა.
IDFI-ის ცნობით, მოსახლეობის 9.5% საჯარო სექტორშია დასაქმებული, რაც დასაქმებულთა 65%-ზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ქვეყანაში დასაქმებულთა 65% ანაზღაურებას საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს, რაც ჯამში 3.3 მილიარდ ლარს შეადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ საჯარო მოხელეთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს.
ორგანიზაციის ცნობით, ასევე გამოწვევაა საპენსიო და სოციალური პროგრამები, რომლის ბენეფიციარების რიცხვი და ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსები ყოველ წელს იზრდება.
IDFI-ის ცნობით, ამჟამად 1.6 მილიონი მოქალაქე იღებს ბიუჯეტიდან საპენსიო თუ სხვა სახის სოციალურ დახმარებას.
ორგანიზაციის აზრით, სოციალური დახმარების გაცემის კუთხით რეფორმებია საჭირო.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საჭიროა ბიუჯეტის სწორი გადანაწილება, რადგან ადმინისტრაციის ზომა და მზარდი სოციალური ხარჯები, სავარაუდოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს.
“ეს არის წარმოუდგენელი ტვირთი ეკონომიკისთვის იმ დროს, როდესაც წლიდან წლამდე სოციალური გასაცემელების ზრდა ხდება. მომავალ წელს იზრდება დაახლოებით 800 მილიონით იზრდება სოციალური ხარჯები და ეს მთავრობის ადმინისტრაციულ ზომასთან ერთად არის ის, რაც ჩვენი, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას საგრძნობლად შეაფერხებს.
მთავრობის ადმინისტრაციული ზომა აღარ არის აწევადი ტვირთი ეკონომიკისთვის” - აცხადებს ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა.