logo
ENG



CNN: დაფინანსების პრობლემის გამო უკრაინაში Starlink-ს 1300 თანამგზავრი გაითიშა

05 ნოე 202213:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/h2nkn4gxdqr17ey.jpg

CNN-ის ინფორმაციით, გასულ კვირას დაფინანსების არარსებობის გამო უკრაინაში Starlink-ის 1300 თანამგზავრი გაითიშა.

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი თანამგზავრები უკრაინელი სამხედროებისთვის კომუნიკაციის ფასდაუდებელ წყაროდ იქცა, რაც მათ საშუალებას აძლევს დარჩნენ ქსელში მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი გამორთულია.

თუმცაღა CNN ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თანამგზავრების გარკვეული რაოდენობა გასულ კვირას გაითიშა.

CNN სექტემბერშიც ავრცელებდა ინფორმაციას, რომ SpaceX-მა პენტაგონს წერილით მიმართა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ უკრაინაში Starlink-ს დაფინანსებაზე კომპანიაm თითქმის 100 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა და მომავალში ამას ვეღარ შეძლებდა. წერილში კომპანია თავდაცვის სამინისტროს მიმართავდა საკუთარ თავზე აეღო დაფინანსების დიდი ნაწილი, რაც თვეში ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ილონ მასკმა SpaceX-ის მიმართვა უკან წაიღო.

"ჯანდაბას. უბრალოდ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას", - დაწერა მან ტვიტერზე.

ამის მიუხედავად დაფინანსებას მოლაპარაკებები გრძელდებოდა, ხოლო 24 ოქტომბერს ტერმინალების მუშაობაში შეფერხებები დაიწყო. CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ეს პრობლემა სწორედ არასაკმარის დაფინანსებას უკავშირდება.

ოქტომბრის დასაწყისში, ჯერ კიდევ ტერმინალების გათიშვამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანელ კოლეგებს მიმართა, რათა დაეფინანსებინათ Starlink-ის ყოველთვიური მომსახურება 3,25 მილიონი დოლარის ოდენობით.

ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, რომ სამინისტროებს შორის განხილვის შემდეგ "გადაწყდა, რომ სხვა სამხედრო შესაძლებლობებს უფრო დიდი პრიორიტეტი აქვთ".

სექტემბრის წერილში SpaceX აღნიშნავდა, რომ უკრაინაში Starlink-ის თითქმის 20 000 თანამგზავრი იყო. ამავე დროს, კომპანია აღიარებდა, რომ მათი უმრავლესობა ნაყიდი იყო გარე დაფინანსებით, მათ შორის აშშ-ის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მიერ. წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ ეს წყაროები აფინანსებდნენ ყოველთვიური გადასახადის 30%-ს.


close დახურვა