
უკრაინის ვიცეპრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, პუტინი მხოლოდ უკრაინის მიწაზე არ არის ორიენტირებული.
"უკრაინელები ამაში მკაფიო და ერთსულოვანი არიან: ჩვენ არ ვაპირებთ ვაჭრობას ჩვენს ხალხთან და ჩვენი რეგიონების ნაწილთან, როგორც ყირიმში, ასევე დონბასში. პუტინი მხოლოდ [უკრაინის] მიწაზე არ არის ორიენტირებული.
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ კომპრომისი შესაძლებელია. პუტინი, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს განადგურებას აპირებს. ჩვენთვის ეს სიცოცხლისა თუ სიკვდილის საკითხია," - თქვა უკრაინის ვიცეპრემიერმა.
30 სექტემბერს, უკრაინამ უარი თქვა აგრესორთან დიპლომატიური საუბრების გამართვაზე, სანამ ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
4 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბრის განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.