logo
ENG



ყველაფერი, რაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე უნდა იცოდეთ

08 ნოე 202213:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/08/c24y4j5h78rtqbm.jpg
Pittsburgh

ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს შუალედური არჩევნები იმართება - პოლიტიკური პოლარიზაციისა და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ამომრჩევლებს მოუწევთ გადაწყვიტონ, ვინ გააკონტროლებს კონგრესს.

ეს ასევე ჯო ბაიდენის თანამდებობაზე ყოფნის მომდევნო ორი წლის განმსაზღვრელიც იქნება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები როგორც სენატზე, ასევე, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დაკარგავენ, აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა გავლენის გარეშე არ დარჩება. 

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რაც მოიცავს ინფლაციას, გაზრდილ კრიმინალს და ზოგადად, გამოკითხვებს, რომ ბაიდენი ამერიკელ ხალხში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, წინასწარი პროგნოზები რესპუბლიკელების მხარეს მეტად იხრება.

რა არის შუალედური არჩევნები

მართალია, შუალედური არჩევნებით მოსახლეობა, ფაქტობრივად, ვერდიქტს გამოუტანს ბაიდენის მმართველობას და პირველ ოფიციალურ შეფასებას გააკეთებს მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, თუმცა ეს ბიულეტენში ჯო ბაიდენის სახელის გარეშე მოხდება - 8 ნოემბერს ამერიკელი ხალხი წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს და სენატის 35 წევრს აირჩევს. ამასთან, ამ დღესვე აირჩევენ 36 შტატის გუბერნატორს.

წარმომადგენელთა პალატა და სენატი კონგრესის ქვედა და ზედა პალატას ქმნიან - ის აშშ-ის ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოა, სადაც ჯამში 535 ადგილია. მათგან 100 სენატორს ეკუთვნის და თითოეულ შტატს ორი წარმომადგენელი ჰყავს. მათ ერთ მესამედს ორ წელიწადში ერთხელ 6 წლის ვადით ირჩევენ, პალატის წევრებს კი მხოლოდ ორი წლით. 

ამჟამად, სენატში თანაბარი წარმომადგენლობა, ანუ, 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელია. ამ დროს უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, კამალა ჰარისი ქმნის და საჭიროებისამებრ, კენჭისყრის პროცესში იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება პალატას, იქ 221 დემოკრატი, 212 რესპუბლიკელია და 2 ვაკანტური ადგილია -  კანონპროექტების ინიცირება სწორედ წარმომადგენელთა პალატაში ხდება. 

ისტორიულად, პრეზიდენტის პარტია თითქმის ყოველთვის კარგავს წარმომადგენელთა პალატაში ადგილებს - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი პარტია ყოველი შუალედური არჩევნების დროს, საშუალოდ, 29 ადგილს კარგავდა. დემოკრატები ნდობას, მეტწილად, სენატზე ამყარებენ, სადაც დასაცავი მხოლოდ 14 ადგილი აქვთ, ხოლო რესპუბლიკელებს - 21.

წინასწარი შეფასებები აჩვენებს, რომ მხარეებს დაძაბული და თითქმის თანაბარი ბრძოლა ელით წინ - NBC-ის ბოლო გამოკითხვების თანახმად, კონგრესში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების უმრავლესობას 46%-46% უჭერს მხარს. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ჯო ბაიდენი თანამდებობაზე რჩება, კითხვები აქ ამ ფორმულირებით ჩნდება - რა გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგები მომავალზე?

გავლენა უკრაინის მხარდაჭერაზე

კონგრესში ძალთა ბალანსის ცვლილება, რა თქმა, უნდა შეცვლის ჯო ბაიდენისა და დემოკრატების დღის წესრიგს, მათ შორის, შესაძლოა, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მხრივაც. ამერიკამ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო ლიდერის პოზიცია დაიკავა და უკრაინას სამხედრო, ფინანსური თუ ჰუმანიტარული თვალსაზრისით უპრეცედენტოდ დაუჭირა მხარი.

გვახსოვს ვოლოდიმირ ზელენსკის კონგრესში გამოსვლაც, სადაც მას ყველა კანონმდებელი ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით შეეგება მის სიტყვას. სხვადასხვა დროს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $40-მილიარდიან დახმარებას მხარი დაუჭირა, სენატმა კი დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკრაინის $12,3 მილიარდით დახმარებას მოიცავს. ამასთან მაისში სენატმა უკრაინისთვის $40 მილიარდის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელსაც 86 მომხრე და 11 მოწინააღმდეგე ჰყავდა - დახმარების პაკეტს მხარი ყველა დემოკრატმა დაუჭირა.

უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე უპირობო შეთანხმების მიუხედავად, იზრდება ვარაუდი, რომ კონგრესში რესპუბლიკელების უმრავლესობა ამ მიმართულებით პოლიტიკას გადახედავს. მაგალითად, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ მინიშნება გააკეთა, რომ რესპუბლიკელებმა უკრაინის მიმართ დახმარება, შესაძლოა, შეამცირონ.

"ვფიქრობ, ხალხი რეცესიაში აღმოჩნდება და უკრაინისთვის კარტ-ბლანშს არ დაწერენ. ამას უბრალოდ არ გააკეთებენ... ეს არ არის უფასო კარტ-ბლანში", - თქვა მან.

თუ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, ისინი შეძლებენ, ბაიდენის საკანონმდებლო დღის წესრიგი დაბლოკონ - ამ შემთხვევაში მაკკარტი სპიკერის პოზიციას დაიკავებს, რაც მას საშუალებას მისცეს, გადაწყვიტოს, რომელი კანონპროექტი მივა კენჭისყრამდე. 

აშშ-ის მიერ გაწეული დახმარების მიმართ მსგავსი სკეპტიციზმი სხვა რესპუბლიკელებმაც გამოთქვეს, თუმცა აზრები აქაც ორად გაიყო - სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა თეთრ სახლს უკრაინის დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკამ მეტი უნდა გააკეთოს იმის მიწოდებისთვის, რაც უკრაინას რუსული აგრესიის აღსაკვეთად სჭირდება.  

გამოკითხვების თანახმად, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, თუმცა წინა თვეებთან შედარებით, მაინც შემცირებული - გასულ თვეს ამერიკელების 20%-მა თქვა, რომ აშშ უკრაინას ძალიან ბევრ იარაღს აწვდის, თუმცა ფართო სურათს თუ შევხედავთ, Reuters/Ipsos-ის ბოლო კვლევით, ამერიკელების 73% მომხრეა, რომ დახმარება გაგრძელდეს. 

პარალელურად, უკრაინელ ლიდერებს სჯერათ, რომ აშშ-ის მხრიდან დახმარება ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება. BBC-სთან საუბრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ამაში როგორც რესპუბლიკელებთან, ასევე დემოკრატებთან შეხვედრების დროს დარწმუნდა.

"ბევრი ნიშანი მივიღე იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს საჭეს, ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება. ამის მჯერა", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

როდის გვეცოდინება შედეგები?

8 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩეველი საკუთარ ნებას დააფიქსირებს, თუმცა საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, მხოლოდ დღეების შემდეგ გაიგებენ - ხმების დათვლის ხანგრძლივობა, მეტწილად, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაითვლიან საფოსტო ბიულეტენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატები უფრო მეტად აძლევენ ხმას ფოსტით, ვიდრე რესპუბლიკელები და ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლა მალევე დაიწყება, უპირატესობა თავიდან, შესაძლოა, დემოკრატების მხარეს იყოს. თუმცა რესპუბლიკელების მიერ არჩევნების დღეს ჩაბარებული ბიულეტენების დათვლის შემდეგ, შედეგები შეიცვლება. 

არსებობს “წითელი და ლურჯი მირაჟის” შტატები, რომელთა შემთხვევაში, თავდაპირველი ლიდერობა საბოლოო გამარჯვებას სულაც არ ნიშნავს. მაგალითად, ფლორიდასა და ჩრდილოეთ კაროლინაში შესაძლებელია საფოსტო ბიულეტენების არჩევნების დღემდე გახსნა და ადრეულად დათვლა, რაც დემოკრატების დაწინაურებას იწვევს. თუმცა ზოგიერთ შტატში, მათ შორის პენსილვანიასა და ვისკონსინში, ფოსტით მიღებული ბიულეტენების დროზე ადრე გახსნის საშუალება არ აქვთ, რის გამოც თავდაპირველად არჩევნების დღეს მიღებულ ბიულეტენებს ითვლიან, რის შედეგადაც რესპუბლიკელები ლიდერობენ.

საერთაშორისო მედიები გამოყოფენ რამდენიმე შტატს, რომლებსაც შუალედურ არჩევნებში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან დიდი ალბათობით, სწორედ მათ ექნებათ გადამწყვეტი როლი შედეგებზე. მაგალითად, საუბარია, რომ სენატის ბედი წელსაც, შესაძლოა, ჯორჯიამ გადაწყვიტოს - იმ შემთხვევაში, თუ 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, აქ არჩევნების მეორე ტური დეკემბერში დაინიშნება. 

ყურადღება გამახვილებულია პენსილვანიაზეც, სადაც შედეგები ბოლო ორ საპრეზიდენტო არჩევნებში 1%-ით გადაწყდა. თანაბარი ბრძოლაა მოსალოდნელი ნევადაშიც, სადაც გამოკვეთილი უპირატესობით, ჯერჯერობით, არცერთი პარტიის წარმომადგენლები არ სარგებლობენ. მჭიდრო კონკურენცია იქნება არიზონაშიც, ამიტომ წინასწარ გამარჯვებას ვერცერთი მხარე ვერ იზეიმებს, მანამ, სანამ ხმებს არ დათვლიან და საბოლოო შედეგებს არ გამოაცხადებენ, რასაც შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.


close დახურვა