logo
ENG



მედიის თავისუფლება, პოლიტიკური დევნა და სხვა - ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე

08 ნოე 202219:01
3 წუთის საკითხავი
clock 1324
2022/11/08/mazhyi629y1zluc.jpg

ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ ანგარიში მიიღო. ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს მხარი 47-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ევროპარლამენტარებმა ცვლილებების ე.წ კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე.

დოკუმენტში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაშია.

ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდებიან და ნახსენებია, როგორც ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი, ასევე ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი, ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.

ევროპარლამენტართა მხარდაჭერილ ანგარიშში ნათქვამია, რომ "უნდა გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე" და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს".

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაკების, მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი იხსენიებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიასაშუალებების, ფორმულასა და ტვ პირველის დირექტორთა და მფლობელთა საქმეებსაც. ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიასთვის საეჭვო ბრალდებების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

დამტკიცებულ ანგარიშში დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე ნახსენებია ბიძინა ივანიშვილი. ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი ინტერესების, გადამეტებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის სახით, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში", - აღნიშნულია ანგარიშში. 

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და მისცენ მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საზღვარგარეთ.


close დახურვა