7 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ბაჩი ვალიშვილი სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა.
ვალიშვილის თქმით, შსს-ს წარმომადგენლებს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ.
"არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა შსს-ს, რაც წარადგინეს მტკიცებულებები, კადრებში არ ვჩანვარ, სადაც ვჩანვარ არის მხოლოდ ის კადრი, რომ მანქანაში მტენიან. მაგ მტკიცებულებების და პოლიციელების ჩვენების საფუძველზე (ილაპარაკეს ისეთი რაღაცები, რაც არ მომხდარა) ამის საფუძველზე დამაჯარიმეს 3 000 ლარით. მეორე მხარეს გვქონდა მტკიცებულება, რომ რასაც მედავებოდნენ, მსგავსი არაფერი მომხდარა", - ამბობს ვალიშვილი.
7 მარტის აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლეს.
პოლიციამ შეკრებილების დაკავება მაშინ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი წასული იყო.
აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებენ და ითხოვენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.