საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების ანგარიშს აქვეყნებს.
TI-ში ამბობენ, რომ ყველა პარტიამ ჯამში 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 666 000 ლარი (34%) ოცნებაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა ალტ-ინფო 393 611 ლარით, ხოლო მესამეზე - ლელო საქართველოსთვის 370 600 ლარით.
ასევე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული შემოწირულობიდან აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ არის განხორციელებული.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ნატო ხაინდრავამ, ზურაბ გოგუამ და გოჩა ჩიკვილაძემ ერთ და იმავე დღეს ჯამში 100 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, ეს პირები სხვადასხვა სახით დაკავშირებულნი არიან ქართუ ბანკთან და ქართუ ჯგუფთან. ჩამოთვლილ სამ პირს წარსულში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 840 000 ლარამდე აქვთ შეწირული.
ერთ და იმავე დღეს შეწირეს ოცნებას ჯამში 100 000 ლარი ნოშრევან ნამორაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემ. ნამორაძე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, ის სამშენებლო ბიზნესს ეწევა. ნამორაძეს უკავშირდება, თბილისში თაბორის მთაზე არსებული ვრცელი ტერიტორიის პრივატიზებისთვის მომზადება. ნოშრევან ნამორაძეს და ნინო სუთიძეს წარსულში ოცნებისთვის 170 000 ლარი აქვთ შეწირული.