ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნამდვილად არ არის საინტერესო" აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს დახმარების სისტემაზე შესაძლო ცვლილებები, რადგან მისი თქმით, "ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე".
კობახიძე სენატში გამართულ დებატებზე, სადაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრეს ამბობს, რომ "უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი".
"დაფინანსების უდიდესი ნაწილი მოდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნამდვილად არ არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ NGO-ებმა. ძირითადად, ეს არის NGO-ების დაფინანსება, უდიდესი ნაწილი არის მათი დაფინანსება", - ამბობს კობახიძე.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.
ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.
სენატში შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა. მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.