logo
ENG



2014 წელს მალაიზიური თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოვარდა - სასამართლოს გადაწყვეტილება

17 ნოე 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock 814
2022/11/17/u87p1horvlcoxyn.jpg
Antonio Bronic / Reuters

ნიდერლანდების სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი რუსული წარმოების Buk რაკეტის დაჯახების გამო ჩამოვარდა. 

სასამართლომ 3 ადამიანი - რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დამნაშავედ გამოაცხადა. მათ ბრალი თვითმფრინავის ჩამოგდებასა და მასობრივ მკვლელობაში ედებათ. სასამართლომ სამივე მათგანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და დაღუპულთა ახლობლებისთვის 16 მილიონი ევროს კომპენსაცია დააკისრა. არცერთი მათგანი სასამართლოს არ ესწრებოდა.

სასამართლოს ცნობით, რაკეტა, რომელიც მალაიზიურ თვითმფრინავს მოხვდა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან ქალაქ სნიჟნესთან ახლოს პერვომაისკის ტერიტორიიდან გაუშვეს. შემთხვევას 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სასამართლოს თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ამ ტერიტორიას, მის ლიდერებსა და მხარდამჭერებს რუსეთი აკონტროლებდა. 

დამნაშავე იგორ გირკინი 2014 წლის ზაფხულში თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის მინისტრი იყო, ის FSB-ის ყოფილი ოფიცერია. სერგეი დუბინსკი კი დონბასის კონფლიქტისას რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა.

უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო 2014 წელს "დონეცკის არმიის" სამხედრო დაზვერვის მეთაური იყო.  

სასამართლოს თქმით გირკინმა, დუბინსკიმ და ხარაჩენკომ Buk რაკეტის გზის ტრაექტორიის განსაზღვრაში, მის ტრანსპორტირებასა და დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. სასამართლო ასევე დაადგინა, რომ მათგან რაკეტის გაშვებაში მონაწილეობა არცერთ მათგანს არ მიუღია.

მეოთხე ბრალდებული ოლეგ პულატოვი კი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაამართლეს.

მოსამართლის თქმით საქმეში არსებული მასალებით იმის დადგენა, ზუსტად როგორ მოქმედებდა ჯგუფი რაკეტის გაშვებისას და ვინ გასცა მისი გაშვების ბრძანება და როგორ მოხდა ეს შეუძლებელია.

ფრენა MH17

მალაიზიური ავიახაზების ფრენა MH17 რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა 2014 წლის 17 ივლისს რადარიდან გაქრა.

თვითმფრინავში 283 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი იმყოფებოდა. ბოინგი 777-200ER აღმოსავლეთ უკრაინის თავზე რუსული რაკეტის დაჯახების შედეგად ჩამოვარდა. ნიდერლანდების უსაფრთხოების საბჭომ 2015 წლის ოქტომბერში დაადგინა, რომ

2016 წლის სექტემბერში კრიმინალური გამომძიებლების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ Buk რაკეტამ რუსეთის ტერიტორიიდან იყო შეტანილი და უკრაინაში რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიიდან ისროლეს.

საგამოძიებო ჯგუფმა, რომელსაც ნიდერლანდები უძღვებოდა 2018 წლის მაისში დაადგინა, რომ სარაკეტო სისტემა რუსეთის ბრიგადას ეკუთვნოდა და ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

2019 წლის ივლისში საგამოძიებო ჯგუფმა დაასახელა 4 ადამიანი ვინც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში მონაწილეობდა და მათ 298 ადამიანის მკვლელობაში დასდო ბრალი. ოთხივე ადამიანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

4 ადამიანს - რუსეთის სამხედრო დაზვერვის 3 ყოფილი წვერი და უკრაინის სეპარატისტული ძალების მეთაური ჰააგის სასამართლომ 2020 წლის მარტში თვითმფრინავის ჩამოგდებისა და 298 ადამიანის მკვლელობის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

თვითმფრინავი ამსტერდამის აეროპორტი ადგილობრივი დროით 12:31-ზე აფრინდა და კუალა ლუმპურში დაახლოებით 10 საათის შემდეგ უნდა ჩასულიყო. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან 3 საათში გაწყდა, მაშინ როცა ის რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში იმყოფებოდა.

რუსეთმა და სეპარატისტულმა ე.წ ხელისუფლებამ უარყო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიება „მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული იყო“.

თვითმფრინავის ნაწილები 50 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე იყო გაბნეული. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ გააკრიტიკა ე.წ სეპარატისტული ძალები თვითმფრინავის ნარჩენებისა და დაღუპულთა ცხედრების არასათანადო მოპყრობის გამო,

მგზავრთაგან 193 ნიდერლანდების მოქალაქე იყო, 43 მალაიზიის, 27 ავსტრალიის, 12 ინდონეზიის და 12 დიდი ბრიტანეთის, 4 გერმანიის, 4 ბელგიის, 3 ფილიპინების, 1 კანადისა და 1 ახალი ზელანდიის.

დაღუპულთა შორის სულ მცირე 6 დელეგატი იყო, ვინც ავსტრალიაში, მელბურნში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიდიოდა.

ნიდერლანდების უსაფრთხოების საბჭოს (DSB) ცნობით, დონბასში მიმდინარე კონფლიქტის გამო უკრაინის აღმოსავლეთში საჰაერო სივრცის დახურვა მიზანშეწონილი იყო, ვინაიდან დაპირისპირებები რამდენიმე თვის დაწყებული იყო და მათ შორის საჰაერო სივრცეშიც მიმდინარეობდა.

ის სივრცეში სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა ხმელეთიდან 9 754მ-ზე ზონაში ფრენა არ იყო დაშვებული, თუმცა მალაიზიური თვითმფრინავი ამ ზღვარს ზემოთ 10 058 მეტრზე დაფრინავდა.

ამ დღეს აღმოსავლეთ უკრაინის ზემოთ ცა კომერციული თვითმფრინავებით დატვირთული იყო - რეგიონის თავზე 160 თვითმფრინავი იმყოფებოდა. MH17-ის ჩამოვარდნისას ამ ტერიტორიის სიახლოვეს 3 სხვა კომერციული თვითმფრინავიც დაფრინავდა.

სეპარატისტებმა ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავის ე.წ შავი ყუთი, რომელიც ფრენის შესახებ ტექნიკური ინფორმაციის გარდა ხმოვან ჩანაწერებსაც ინახავს, მალაიზიელ გამომძიებლებს გადასცეს, მათ კი ნიდერლანდებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ „ძრავის ყველა პარამეტრი ნორმაში იყო საკრუიზო ფრენისთვის“ მანამ სანამ ჩანაწერები უეცრად არ შეწყდა. ხმოვან ჩანაწერებში არც გაფრთხილების ნიშანი ისმოდა.

გამოძიებაზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი იმ ქვეყანას ეკისრება სადაც ინციდენტი ხდება. უკრაინის ხელისუფლებამ გამოძიების დაწყების ინიციატივა გამოთქვა, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ თვითმფრინავში მგზავრთა უმეტესობა ნიდერლანდებიდან იყო მთავარ გამომძიებლადაც ნიდერლანდების უსაფრთხოების საბჭო დასახელდა.

2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ტრაგედიის გამოძიების მიზნით საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე, მაგრამ რუსეთმა ამ რეზოლუციას ვეტო დაადო.

2018 წელს ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთის ფედერაციას შეატყობინეს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით MH17 ფრენის ჩამოგდებაში მონაწილეობაზე პასუხისმგებლობას აკისრებდნენ.

ამ დროისთვის ავსტრალიის საგარეო მინისტრმა ჯული ბიშოპმა რუსეთს მოუწოდა, რომ ქვეყნებთან მოლაპარაკებები დაეწყო მის ქმედებებსა და დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების გზებზე.

რუსეთმა 2 ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. 2022 წლის მარტში ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი წარმოება დაიწყეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გავლით მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეში.

სასამართლოს შეუძლია რუსეთი აიძულოს რუსეთი მონაწილეობა მიიღოს 2 ქვეყანასთან შეფერხებულ მოლაპარაკებებში და ასევე შესაძლოა გაეროსთან დაკავშირებული ორგანიზაციების მხრიდან, ვინც საერთაშორისო ავიაციის კანონზეა პასუხისმგებელი სასჯელი დაუწესდეს.

„ავსტრალიისა და ნიდერლანდების ერთობლივი ქმედებები დიდი ნაბიჯია ორივე ქვეყანაში სიმართლისთვის, სამართლიანობისა და პასუხისმგებლობისთვის ბრძოლის გზაზე ძალადობის ამ საშინელი აქტივს შესახებ.

რუსეთის ფედერაციის უარი საკუთარ როლზე პასუხისმგებლობის აღებაზე ფრენა MH17-ის ჩამოგდებაში მიუღებელია და ავსტრალიის ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა რომ არ გამორიცხავს არანაირ სამართლებრივ ქმედებას სამართლიანობის მოპოვების გზაზე“ - განაცხადა, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა 2022 წლის მარტში. 


close დახურვა