logo
ENG



მეუფე ზენონის ეპარქიიდან გათავისუფლება ოფიციალურად დადასტურდა

18 ნოე 202221:53
3 წუთის საკითხავი
clock 1604

მთავარეპისკოპოს ზენონის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლება ოფიციალურად დადასტურდა. ფორმულამ მოიპოვა ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება 15 ნოემბრის სინოდალურ სხდომაზეა მიღებული.

წყაროს მიერ მოწოდებულია სამი ტიპის დოკუმენტი: პირველი, ბრძანება სხდომის მოწვევის შესახებ, მეორე, სინოდალური სხდომის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ბრძანება და მესამე - დასკვნა. 

დასკვნის თანახმად, მთავარეპისკოპოს ზენონს უნარჩუნდება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ხელმძღვანელობა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკითხი სინოდის სხდომაზე იქნება განხილული.

დოკუმენტში აღნიშნულია, "ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა", თუმცა დეტალებზე საუბარი არაა. 

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ცნობები, იმის შესახებ რომ ეპისკოპოსი ზენონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაილებისა და მოსმენების გამო უკმაყოფილო იყო და გამოძიების დასრულებამდე ქვეყანაში ჩამოსვლას არ აპირებდა.

როგორც სინოდალური სხდომის დასკვნაშია აღნიშნული, 26 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა მთავარეპისკოპოსს მიმართა უახლოეს დროში საქართველოში ჩამოსულიყო, მაგრამ "საქმიანი შეხვედრის საბაბით" 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება. ამასთანავე წერია, რომ მეუფე ზენონი დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა "მიზეზის აუხსნელად":

"კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას".

მეუფე ზენონი ფორმულასთან იმ მღვდელმთავრებს და ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენს ასახელებს, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის ეპარქიიდან მისი გაგდების სურვილი აქვთ.

"აქ მიმდინარე პროცესებთან, ამ დესტაბილიზაციასთან, რომელიც ჩემს ეპარქიაში წარმოიშვა, კავშირში არიან მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და მიტროპოლიტი შიო მუჯირი. ასევე, ვასახელებ მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას, დეკანოზ ჯაღმაიძეს. პროცესში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩართულია ბიზნესმენი ჩხარტიშვილი. არის 2 დიპლომატი, რომელსაც განგებ არ დავასახელებ", - აღნიშნავს მღვდელმთავარი.

მისივე თქმით, არჩამოსვლის მიზეზი მან პატრიარქს პირადად აცნობა. იგი ამბობს, რომ საპატრიარქოში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც პატრიარქზე ზეწოლას ახდენს, მიიღოს გადაწყვეტილება, "რომელიც ნამდვილად არ იქნება კანონიკურად გამართლებული".

მეუფე ზენონი პროკურატურამ სუს-ის კრებსების საქმეში დაზარალებულად ცნო, თუმცა როგორც ცნობილია სასულიერო პირი საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს და კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მეუფე ზენონს პატრიარქი იბარებდა, ამის საპასუხოდ კი სასულიერო პირმა დიდი ბრიტანეთიდან წერილი გამოაგზავნა, საიდანაც ირკვევა, რომ მეუფე ზენონი შეწუხებულია საქართველოში მღვდელმთავრების იმ შეკრებით, სადაც მასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ირკვევია, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში არსებული უთანხმოება წმინდა სინოდის წევრებმა მეუფე ზენონის გარეშე განიხილეს და მხოლოდ იმ სასულიერო პირს მოუსმინეს რომელიც მღვდელმთავარს უპირისპირდება. საუბარია სასულიერო პირზე რომელსაც მეუფე ზენონმა მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

მეუფე ზენონი ამტკიცებს, რომ სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის წევრებისა და ვანო ჩხარტიშვილის მითითებით მის წინააღმდეგ დემარში დაგეგმეს, რაზეც შესაბამისად იმოქმედა და სასულიერო პირები დასაჯა. ამ და სხვა პროცესების გასარკვევად მეუფე ზენონს საქართველოში ელოდებიან. სამშობლოში ჩამოსვლას სასულიერო პირი არ გამორიცხავს, თუმცა როდის უცნობია.


close დახურვა