The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთმა ირანთან დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმება დადო.
გამოცემა ინფორმაციას სამ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში, ირანში გამართული შეხვედრის დროს გაფორმდა.
The Washington Post წერს, რომ ამ შეთანმხებას მოსკოვისთვის შეუძლია დააკმაყოფილოს მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის საჭიროება, რომელიც 9 თვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ დეფიციტშია. ამასთან, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ შეთანხმებები მნიშვნელოვან და პოლიტიკურ სარგებელს სთავაზობს ირანს. მათი აზრით, ირანის ლიდერები თვლიან, რომ შეძლებენ თავიდან აიცილონ ახალი სანქციები, თუ თვიმთმფრინავები რუსეთში დამზადდება.
14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს.
თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".