თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კომპანია “მეტროვაგონმაშისგან“ 50 მილიონი ევროს ღირებულების ვაგონების შეძენას კვლავ გეგმავდა. ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელსაც კალაძე ხელს ოქტომბრის ბოლოს აწერს.
კერძოდ, რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ერთხელ უკვე შეაჩერა. 2022 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ამ კომპანიისგან რუსულ ვაგონებს ყიდულობდა, თუმცა EBRD-მ შეაჩერა გადარიცხვა.
ირკვევა, რომ რუსული კომპანია “მეტროვაგონმაში“ უკრაინის მიერ უკვე სანქცირებულია. ასევე, შესაძლოა გაიზარდოს ქვეყნების სია, რომლებიც ამ ვაგონმშენებელ კომპანიას დაასანქცირებენ.
თბილისის მერი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ კომპანიასთან თანამშრომლობა გაწყვეტილია, თუმცა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 3 კვირის წინ მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გამოთქვა სურვილი, თანამშრომლობა გაეგრძელებინა “მეტროვაგონმაშთან“.
ამასთან, კალაძის მტკიცებით, კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა თბილისის მერიისა და EBRD-ის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ის ირწმუნება, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზეზი კომპანიის შესაძლო სანქცირებაა.
“არსებულ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაფორმდება. არ გაფორმდება იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ვარაუდი და საშიშროება, რომ შეიძლება სანქციების ქვეშ მოჰყვეს აღნიშნული კომპანია. ალტერნატიულ გეგმაზე ვმუშაობთ EBRD-სთან და თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება“, - თქვა კალაძემ.
სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერია სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან ურთიერთობას ვერ შეელეოდა, რომ არა დონორი EBRD.
ირაკლი აბესაძის თქმით, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება ტყუილია, რადგან დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მერი მზადაა სანქცირებულ კომპანიათან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
“ეს აზიანებს ქართული ეკონომიკის იმიჯს და ეს იყო სამეურნეო თვალსაზრისით ასევე ძალიან დიდი შეცდომა. ვხედავთ, რომ გავიდა თითქმის ერთი წელი და არც ერთი ვაგონი, არც თბილისის მეტროს შემატებია და მეტიც, დღეს თბილისის მერიას უწევს, გააუქმოს ეს კონტრაქტი. თუმცა მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ თბილისის მერის განცხადება გარკვეულწილად ჯერჯერობით არის ტყუილი, იმიტომ რომ ხელში გვიჭირავს დოკუმენტი, სადაც 21 ოქტომბერს თბილისის მერი კახი კალაძე მზად იყო "მეტროვაგონმაშთან" შეცვლილი პირობებით ეთანამშრომლა. ფაქტობრივად, ის მზად იყო ურთიერთობა გაეგრძელებინა რუსულ კომპანიასთან მიმდინარე ომის და ყველა გარემოებების გათვალისწინებით", - თქვა აბესაძემ.
რუსულ ვაგონმშენებელ კომპანიასთან თანამშრომლობა ხმაურის მიზეზი ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გახდა, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად გაირკვა, რომ თბილისი რუსული კომპანიისგან 50 მილიონი ევროს ღირებულების ვაგონებს შეიძენდა.
კომპანია "მეტროვაგონმაშის" შესახებ საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ის სამხედრო დანიშნულების საველე ვაგონებს და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ვაგონებსაც ამზადებს.
დოკუმენტი: