logo
ENG



პრეზიდენტი სააკაშვილზე: თუ გართულებული დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეულად გადაწყვიტოს

24 ნოე 202213:35
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსებული გადაწყვეტილება.

ზურაბიშვილის თქმით, ამით სასამართლო გადაწყვეტს ორ პრობლემას: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმას, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

"რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მე ყველანაირად და ყოველდღიურად დიდი ყურადღებით ვარ, იმიტომ რომ ვთვლი, არ შეიძლება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის ასევე. ამდენად, ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად კონსილიუმს, ხან ემპათიას, ხან სხვადასხვა კონსილიუმს, დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ მითქვამს საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებშიც, სწორი გზა არის, რომ თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული და მე ეს არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე და არც ვარ ექსპერტი, რომ ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ. თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოზე და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას, ერთი ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის და მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, რომ ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი და ამის სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცებს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს და ეს არის ალბათ ვექილების ვალდებულება, რომ შეიტანონ სასამართლოში", - ამბობს ზურაბიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, "რეალურია თუ არა, რომ ჯანმრთელობის გართულებული დასკვნის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ", პრეზიდენტი პასუხობს, რომ "ეს არის სწორი გზა".

"სხვა გზა არ არსებობს, ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონსილიუმზე, მათ დასკვნაზე და ეს უნდა იყოს ვექილების მიერ წარდგენილი სასამართლოზე და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში იქნება სიმართლის დონეზე", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა