logo
ENG



ხიდაშელი: მთავრობა უსუსური და დაუცველია, გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ განზე გავდგე

25 ნოე 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock 1012

რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს რომ მთავრობა "უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან" ვერ იცავს და გადაწყვიტა, რომ "განზე გადგეს". მის განცხადებას მთავარი არხი ავრცელებს.

ხიდაშელი მთავრობას "უსუსურსა და დაუცველს უწოდებს" და ამბობს, რომ ოჯახს 31 დეკემბრამდე ტენდერის გამოცხადება და ე.წ. რიყის დოქებისა და რაჭაში სანადირო მეურნეობის ლიცენზიის 50%-იანი წილის გაყიდვა ურჩია.

"რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოვაცხადოთ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა-იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში …

ერთი დაველოდები მსურველებს რომ ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!" - წერს ხიდაშელი.

ხიდაშელი მთავარი ფიგურანტია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დავით ხიდაშელი რიყის დოქების შემსყიდველი კომპანიის დირექტორატშია.

კარტოგრაფების საქმის გარდა ხიდაშელი ის ბიზნესმენია, რომელსაც რუსეთთან ახლო კავშირები აქვს. სისტემა - ასე ჰქვია კრემლის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად რუსულ უმსხვილეს ჯგუფს, სადაც ქართველი ბიზნესმენი წლები მუშაობდა. დავით ხიდაშელი ოლეგ მუბარაშკინის ახლო გარემოცვის წევრია, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცერია.

ფორმულას ინფორმაციით, სწორედ მუბარაშკინი ეხმარებოდა ხიდაშელს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების მოპოვებაში. გარდა ამისა ხიდაშელი მუშაობდა ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ის რუსული საინვესტიციო კომპანია სისტემას მსხვილი აქციონერი და პუტინის კარზე დაახლოებული ბიზნესმენია.

ხიდაშელმა 2022 წლის მარტში აუქციონზე ე.წ რიყის დოქები შეიძინა.

რაც შეეხება რაჭის მიწებს, რომელიც ხიდაშელის საკუთრებაშია, ფართობი იმდენად დიდია, რომ შაორიდან კავკასიონამდე, გზის ორივე მხარეს, დაახლოებით 70 კილომეტრზეა გადაჭიმული. 


close დახურვა