logo
ENG



შაბათის ფორმულამ ზუგდიდში 14 წლის მოზარდის მკვლელობის დეტალები გაარკვია

26 ნოე 202220:32
3 წუთის საკითხავი
 

20 ნოემბერს ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე 14 წლის საბა მამფორია მოკლეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. დაჭრის ფაქტს 20-მდე მოზარდი ესწრებოდა. მიღებული დაზიანების გამო ზაზა მამფორია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

დაპირისპირება, სტადიონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გორაკზე მოხდა. შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა, 21 ნოემბერს კი დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასაუბროდ და შესარიგებლად შეხვდნენ. ადგილზე ვითარება დაიძაბა, მკვლელობაში ბრალდებულმა, იქ შემთხვევით მოხვედრილი საბა მამფორია ე.წ სპიცით რამდენიმე ადგილას დაჭრა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ 14 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ერეკლე ცანავა დააკავა.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბრალდებული ცანავა მკვლელობას არ უარყოფს. გამოკითხვის ოქმში ის დეტალურად აღწერს რამდენჯერ დაარტყა 14 წლის მამფორიას. ამასთან, შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ მკვლელობას რამდენიმე დღით ადრე, წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება მოზარდებს შორის, რა დროსაც ბრალდებული ერეკლე ცანავა სცემეს.

წყაროს თქმით, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მამფორიას მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, განსაკუთრებული სისასტიკით, ძაღლი მოკლა და შემდეგ დაანაწევრა, თუმცა ცანავა არ დაუკავებიათ.

ბრალდებულის ინტერესებს თავიდან კერძო ადვოკატი იცავდა, თუმცა შაბათის ფორმულას ინფორმაციით, დანაშაულის სისასტიკიდან გამომდინარე, მან არასრულწლოვანის დაცვაზე უარი განაცხადა, სხვა კერძო ადვოკატებთან ერთად. ამიტომ სავარაუდოდ ბრალდებულის ინტერესებს, სახაზინო ადვოკატი დაიცავს.


close დახურვა