logo
ENG



"სულიერ სიღარიბეზე მეტყველებს" - ხაშურში მომხდარს მეუფე ანტონიც კრიტიკულ მედიას აბრალებს

28 ნოე 202210:37
3 წუთის საკითხავი
clock 343
2022/11/28/tw0mc9rsrrvtiag.jpg

საპატრიარქოს მიერ მედიაზე თავდასხმის შემდეგ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონიც ამბობს, რომ "აგრესიული ადამიანების აგრესიული განწყობა ეკლესიისადმი კრიტიკული მედიის დამსახურებაცაა".

საპატრიარქო ცხუმის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმას, რომლის შესახებ საზოგადოებამ 26 ნოემბერს შეიტყო, ოფიციალურად გუშინ გამოეხმაურა. განცხადებაში "უმკაცრესი შეფასებისა და რეაგირების" საჭიროებასთან ერთად, საპატრიარქო მედიას ესხმის თავს და ამ კონტექსტში "ამორალურობასა და დაუნდობლობაზე" საუბრობს.

ფორმულასთან საუბარში მეუფე ანტონმა თქვა, რომ მედია მხოლოდ ნეგატივით ინტერესდება და სწორედ ამიტომ უჭირთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობა.

"ეს აგრესიული ადამიანების აგრესიულად განწყობა ეკლესიისადმი, რა თქმა უნდა, კრიტიკული მედიის დამსახურებაც არის. გასაშუქებლის მეტი რა არის, კაი სიკეთე გააშუქეთ. სულ ნეგატივით იწყება, ნეგატივი, ნეგატივი...ამას რომ ვერ ხვდებით, იმიტომ გვიჭირს ჩვენ ურთიერთობა. სიმართლეს მაშინ აქვს ფასი, თუ ის სიმართლე ემსახურება რაიმე დადებით ემოციებს, ეს თქვენ სულიერ და შინაგან სიღარიბეზე მეტყველებს", - ამბობს მეუფე ანტონი.

საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებამდე კრიტიკულ მედიას თავს დაესხა და მონაზონზე ძალადობისთვის ფონის შექმნა დააბრალა მისმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.

მომხდარის მედიისთვის დაბრალება დაგმეს ომბუდსმენმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს. 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია". 

პარტია დროა აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილსა და ძალადობას. 

გირჩი - მეტი თავისუფლება დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მიმართავს - მათი თქმით, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხაშურის მონასტერში მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას" დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი. 

25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში, მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატი, გიგა ჯეირანაშვილი აცხადებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ მონასტრის ტერიტორიაზე, 25 ნოემბერს, არც ერთი მათგანი არ ყოფილა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.


close დახურვა