logo
ENG



ოხანაშვილი: კარგად ხვდებით, მედიის წილ პასუხისმგებლობას კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში

28 ნოე 202212:54
3 წუთის საკითხავი
clock 434

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ხაშურში მომხდარის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაზე "მსჯელობაში არ შევა", თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მედიას კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

"თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, მედიას რა წილი პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში და ასე შემდგომ. მე ვერ შევალ ამ მსჯელობაში, საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და ეს მათი პოზიციაა, რაც შეეხება მედიას, საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს, უწყებებს, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. თქვენც გაქვთ წესები, იცით ეს რა წესებზეა საუბარი და ყველა ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ", - განაცხადა მან.

25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დაკავებულების ადვოკატის ცნობით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებამდე კრიტიკულ მედიას თავს დაესხა და მონაზონზე ძალადობისთვის ფონის შექმნა დააბრალა მისმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.

საპატრიარქო ცხუმის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმას, რომლის შესახებ საზოგადოებამ 26 ნოემბერს შეიტყო, ოფიციალურად გუშინ გამოეხმაურა. განცხადებაში "უმკაცრესი შეფასებისა და რეაგირების" საჭიროებასთან ერთად, საპატრიარქო მედიას ესხმის თავს და ამ კონტექსტში "ამორალურობასა და დაუნდობლობაზე" საუბრობს.

მომხდარის მედიისთვის დაბრალება დაგმეს ომბუდსმენმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს. 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია". 

პარტია დროა აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილსა და ძალადობას. 

გირჩი - მეტი თავისუფლების თქმით კი, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხაშურის მონასტერში მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას" დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი. 


close დახურვა