logo
ENG



"ექიმები და პენიტენციური პასუხისმგებლობას ვერ იღებენ" - სააკაშვილი პროცესს ვერ ესწრება

28 ნოე 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock 578

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს ვერ ესწრება. სხდომაზე ვერ დასწრება მის ჯანმრთელობას უკავშირდება. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ექიმები სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას არ აძლევენ, რადგან მისი მდგომარეობა ეტაპირების დროს, შესაძლოა, უფრო დამძიმდეს.

როგორც დეკანოიძემ კლინიკა ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, მას ნევროლოგიური პრობლემებიც აქვს.

მისი თქმით, ეტაპირების პასუხისმგებლობას ექიმების გარდა პენიტენციური სამსახურიც არ იღებს. დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ასევე არ სურს მესამე პრეზიდენტის ეკრანებზე გამოჩენა, რათა მისი დამძიმებული მდგომარეობა დამალონ.

"ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა. თვითონ საავადმყოფო და ექიმები არ აძლევენ ეტაპირების უფლებას სასამართლო დარბაზში. პასუხისმგებლობას ვერ იღებენ რომ გზაში, ამ მონაკვეთში - საავადმყოფოდან სასამართლომდე, რომ რამე მძიმე შედეგი არ დადგეს ანუ ლეტალური შედეგი პრაქტიკულად, რაც მის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. ასევე ბადრაგი და პენიტენციური სამსახური ამბობენ, რომ ვერ აიღებენ ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში ვერ ხდება. ასევე მჯერა, რომ არ უნდათ [მისი გამოჩენა] და როგორ გამოიყურება სააკაშვილი არ ნახოს მთელმა მსოფლიომ. პენიტენციური ამბობს, ვინაიდან ექიმები აცხადებენ, რომ ისინი ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, ისინი ამბობენ, რომ ის არ ექვემდებარე მანქანით გადაყვანას, ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის პროცესი დაიწყო. მასზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა.


close დახურვა