logo
ENG



"ფსევდოლიბერალები ეკლესიას ებრძვიან" - მდინარაძე ჯაღმაიძის რიტორიკას აგრძელებს

28 ნოე 202219:37
3 წუთის საკითხავი
clock 596
"ფსევდოლიბერალები ეკლესიას ებრძვიან" - მდინარაძე ჯაღმაიძის რიტორიკას აგრძელებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის რიტორიკას აგრძელებს და ამბობს, რომ "ეკლესიას ებრძვიან". ჯაღმაიძემ 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც ხაშურში მონაზვნის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებას გამოეხმაურა, კრიტიკულ მედიაზე ისაუბრა და მომხდარი ჟურნალისტებს დააბრალა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.

მდინარაძე ამბობს, რომ ანდრია ჯაღმაიძის Facebook-პოსტი იყო მის გვერდზე დაფიქსირებული პირადი აზრი და მას "ფსევდოლიბერალები თავს დაესხნენ".

"ეკლესიას აყენებენ შეურაცხყოფას და პირდაპირ ებრძვიან. ეკლესიის წარმომადგენელმა გუშინწინ Facebook-პოსტი დადო, თავის ნააზრევი თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, ეს გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში... ეს არ არის ლიბერალიზმი, არც ტოლერანტობა, ეს არის მტრობა ეკლესიის, შენი იდენტობის, შენი სამშობლოსი და შენი ქვეყნის, როცა თავს ესხმი თავისუფალ სიტყვას, აზრს, ეკლესიას.

საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელზეა აქ საუბარი, რომელმაც პრაქტიკულად თქვა, რომ აგრესია, ზიზღი, სიძულვილი შობს ახალ აგრესიას და ზიზღს. დაგმო ქალზე ძალადობა. თუ ვინმე გააკრიტიკა იმას არ ნიშნავს რომ თავს უნდა დაესხა და რუსეთის აგენტი ეძახო. ეკლესიის სიძულვილი და მტრობა არის შენი ქვეყნის სიძულვილი და მტრობა. ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ ფსევდო ლიბერალურ აგრესიას", - თქვა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

***

რამდენიმესაათიანი დაგვიანებით, ხაშურში მომხდარს საპატრიარქოც გამოეხმაურა და განცხადებაში "უმკაცრესი შეფასებისა და რეაგირების" საჭიროებასთან ერთად, მედიას დაესხა თავს. 

მომხდარის მედიისთვის დაბრალება დაგმეს ომბუდსმენმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს. 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია". 

პარტია დროა აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილსა და ძალადობას. 

გირჩი - მეტი თავისუფლება დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მიმართავს - მათი თქმით, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხაშურის მონასტერში მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას" დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი. 

25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 


close დახურვა