პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერი ზურა ჯაფარიძე "საქართველოს წინააღმდეგ" მოქმედი ოპოზიციონერია და არ შეიძლება მისი ოჯახის წარმომადგენელი მუშაობდეს იქ, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე აქვთ წვდომა.
გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერის ზურა ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს. მისი თქმით, სამინისტროში 17 წელი მუშაობდა. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გათავისუფლება პოლიტიკური მიზეზითაა განპირობებული.
"თუ კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე გაათავისუფლეს, რა თანამდებობაზე იყო არ ვიცი, თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ ინფორმაციას უზიარებდეს ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ჯაფარიძე. მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი. არ ვიცი, 17 წელია მუშაობდა და უდიდესი წელია მუშაობდა ქართული ოცნების პერიოდში", - თქვა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ნატა ქორიძის გათავისუფლება უფრო ობიექტურ მიზეზებს უკავშირდებოდა.
'ჩემი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება ასეთი ოპოზიციის ოჯახის წარმომადგენელი, მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა. არ ვიცი, ეს რეალობა არის თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეიძლება. ფაქტია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ამ საიდუმლო ინფორმაციის ფლობით შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს", - განაცხადა ვოლსკიმ.