logo
ENG



ჩეხეთის საელჩო: ელჩის კომენტარი არა რუსეთზე სანქციებს, არამედ ვაჭრობას უკავშირდებოდა

02 დეკ 202223:36
3 წუთის საკითხავი
clock 630
2022/12/02/uzc04mumhm3ahuz.jpg

ჩეხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ელჩის, პეტრ მიკისკას თქმით, ის არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, არამედ ზოგად ვაჭრობაზე საუბრობდა.

საელჩოს განცხადებით, პეტრ მიკისკას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

"ელჩმა დეტალურად განაცხადა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარები უკავშირდება არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას. ელჩმა იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით. ორივე მხარემ განიხილა ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლებულია და ეს თემა არ იმსახურებს შემდგომ განხილვას", - ნათქვამია განცხადებაში.

1 დეკემბერს, ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის. როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ დადასტურება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამას შედეგი მოჰყვება.

2 დეკემბერს, საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი მისი განცხადებაა, რომელიც მედიაში 1 დეკემბერს გავრცელდა.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. საგარეოს თქმით, ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.


close დახურვა