logo
ENG



ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა: სააკაშვილი გადასაყვანია სხვა ქვეყნის კლინიკაში

06 დეკ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა: სააკაშვილი გადასაყვანია სხვა ქვეყნის კლინიკაში

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილი 4 დეკემბერს გასინჯეს და აპრილთან შედარებით მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მისივე თქმით, სააკაშვილი დახმარების გარეშე ვერ დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს.

"გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტიური ფუნქციების გაუარესებაში, პოლინეუროპათია გამოიხატა, ასევე, კუნთების განლევა, საერთო სისუსტე. პაციენტის ვერ დგება, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს. შეფასდა მისი კოგნიტიური სფეროც და ისიც დაქვეითებულია და აქვს ცხელება. ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე ამ შიმშილობისა, რომელიც არის კახექსია.

შიმშილობა შეიძლება არასწორად ვახსენე, უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა. ყოველ შემთხვევაში პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს და შესაბამისად, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს და ამ ფონზე განვითარდა ეს მძიმე გართულება, კახექსია. კახექსია ეს არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება,  ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება. 

"ის ახლა შეიძლება შეფასდეს მე-4 ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, უკეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული კველვები, შესაბამისი ინსტუმენტული კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული - ვფიქრობთ, რომ მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი. როცა პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება მრავალ კლინიკაში, მაშინ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომ პაციენტი ჩვენი ქვეყნიდან იქნას გაყვანილი და სხვაგან იქნას ნამკურნალევი, სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს, როგორც დიაგნოზის, ასევე შესაბამისი გამოცდილება აქვს", - თქვა წულაძემ.


close დახურვა