სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა.
კარიმ ხანი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.
მისივე ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ხელისუფლებას უკვე აცნობეს.
"2016 წლის 27 იანვარს ჩემმა ოფისმა დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება.
გამოძიების დაწყების დღიდან ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. იგი თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.
აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი. ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა.
აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.
დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას.
ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება. მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებაშიც ასევე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ ვაცხადებ.
თუმცა, ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა.
მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მე უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით.
აღნიშნულს წინ უსწრებდა ამა წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილის ნაზატ შამიმ ხანის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის მოსალოდნელი დასრულების ჭრილში.
გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას", - წერია განცხადებაში.
კარიმ ხანის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ამ მიზნით, კარიმ ხანის ოფისი დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით ოფისის ამჟამინდელი საქმიანობა და მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით".
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი "მზადაა გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, დაზარალებულებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამოცანების გადასაჭრელად".
***
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამო 3 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. დაპატიმრების პირველი ორდერი მიმდინარე წლის მარტში გაიცა.
პირველმა წინასასამართლო პალატამ, რომელიც 3 მოსამართლისგან შედგება და 5 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საქმეებს განიხილავს, გადაწყვიტა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე.
სამივე შემთხვევაში გაცემული პატიმრობის ორდერი შეეხება 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩადენილ დანაშაულებს, რაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაკავებას, მძევლად აყვანასა და მათდამი სასტიკ მოპყრობას მოიცავს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ 2008 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოსა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 2016 წლიდან, სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში დაიწყო.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატა ზედამხედველობს პროკურორის ოფისის საგამოძიებო და საბრალდებო პროცესებს. ასევე განსაზღვრავს გამოძიების პერიოდში რამდენადაა ეჭვმიტანილთა, მსხვერპლთა და მოწმეთა უფლებები დაცული.
„არსებობს გონივრული საფუძვლები, რომ გვჯეროდეს რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა საქართველოს სამხრეთ ოსეთის ნაწილში აიყვანეს, შემდეგ დააკავეს, არასათანადოდ ეპყრობოდნენ და ცხინვალის იზოლატორში მძიმე პირობებში ამყოფებდნენ (ე.წ იზოლატორი ან ‘KPZ’), ვიდრე მათ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გარიგების ინსტრუმენტად გამოიყენებდა და პატიმრებისა და მძევლების გაცვლისთვის გამოიყენებდნენ. გაცვლის შედეგად დაკავებულებს მოუწიათ სამაჩაბლოს დატოვება", - წერდა პალატა 30 ივნისს.
პალატამ პატიმრობის ორდერი 3 ადამიანზე გამოსცა:
1. მიხეილ მაიარამის ძე მინძაევი - რუსეთის მოქალაქე, დაიბადა 1955 წელს, ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში. 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
2. ჰამლეტ გუჩმაზოვი - რუსეთის და სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წელს სამაჩაბლოში. 2008 წელს იზოლატორის ხელმძღვანელი იყო. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
3. დავით გიორგის ძე სანაკოევი - დაბადებული 1976 წელს ცხინვალში. ოკუპირებულ ცხინვალში პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ადამიანის უფლებათა საკითხებში, ე.წ ომბუდსმენი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.
***
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სამხედრო ესლაკაცია კი ნაბიჯ-ნაბიჯ, 2008 წლის აპრილიდანვე დაიწყო.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.