logo
ENG



ზურაბიშვილი სააკაშვილზე: მხარეებმა სპეკულაცია უნდა დაასრულონ, დაველოდოთ სასამართლოს

17 დეკ 202219:27
3 წუთის საკითხავი
clock 965
ზურაბიშვილი სააკაშვილზე: მხარეებმა სპეკულაცია უნდა დაასრულონ, დაველოდოთ სასამართლოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ 22 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წინასაახალწლო მიღებაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა საქართველოს მოსახლეობაში პოლარიზაციას უწყობს ხელს და სასამართლოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის აზრით, საქართველოს მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს არის ყოფილი პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისთვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული რომ ეს მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და პოლიტიკურ ძალებს მისცემს საშუალებას ვალდებულებები შეასრულოს - იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე. იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და სწორედ ეს მინდა ვუსურვო ქვეყანას 2023 წლისთვის“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავენ. 

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 

"საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად" - წერია რეზოლუციაში. 

დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები, რათა სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

 

close დახურვა