logo
ENG



პენიტენციური სააკაშვილზე: სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება დაძაბულობის შექმნის მცდელობაა

20 დეკ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას წარმოადგენს. მათი განცხადებით, ეს "სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია".

პენიტენციური დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, ემპათიის მიერ ჩატარებული კონფიდენციალური ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტების გავრცელებისგან თავი შეიკავონ და "პატივი სცენ საზოგადოებას და კონსტიტუციურ წესრიგს".

"2022 წლის 2 დეკემბერს TV პირველის ეთერით გავრცელდა მცირე და არასრული ამონარიდი ცენტრ ემპათიას მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც, მათივე მოთხოვნით, არის კონფიდენციალური, რაც მიზნად ისახავდა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს მსჯავრდებული მ. სააკაშვილი იყო მოწამლული.

მსგავსი ტიპის მიზანმიმართული, დესტრუქციული ქმედება ემსახურება მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კონფიდენციალური დასკვნის შესახებ, რომლის გარკვეული ნაწილები, ასევე, ორკესტრირებულად გასაჯაროებული იყო TV ფორმულას მიერ, უნდა იმსჯელოს სასამართლომ", - აღნიშნავენ პენიტენციურში.

განცხადებაში, ასევე, მოყვანილია მაგალითები, როცა მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით კვლევები ჩაუტარდა, მათ შორის, აღნიშნულია, 31 მაისს ვივამედის ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში.

აქვე მითითებულია სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებული განცხადებები, რომ ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, მოწამლული იყო და მოყვანილია მესამე პრეზიდენტის პასუხი, რომლის თანახმადაც, მას არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციებს "უადგილო" უწოდა.

"2022 წლის 22 ნოემბერს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რაზეც მიღებულ იქნა თანხმობა.

ამის შემდეგ 2022 წლის 24 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც პასუხისმგებლობიანმა სახელმწიფო უწყებამ, მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას", - ამბობენ პენიტენციურში.

გუშინ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 

"საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად" - წერია რეზოლუციაში. 


close დახურვა