logo
ENG



მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა სპეცოპერაცია იყო, უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადებაც

20 დეკ 202214:04
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სპეცოპერაცია იყო და სწორედ ამის "ავტორებმა უზრუნველყვეს" ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი მიმართვაც. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუმცა ეს "ავტორები" არ დაუსახელებია.

"სააკაშვილის გამოგზავნა, კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, საქართველოში იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება.

არა, ავტორებს ჩვენ არ ვასახელებთ. რატომ? იმიტომ, რომ თავს ვიკავებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს უამრავი ამბავი, რაც კულისებში ბევრმა კარგად იცის, მაგრამ დიდ უხერხულობას შექმნის გარეთ ამის გამოტანა", - განაცხადა მან.

გუშინ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 

"საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად" - წერია რეზოლუციაში. 


close დახურვა