logo
ENG



ადვოკატი: ვაკის პარკის შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, არ იყო ელექტროუსაფრთხოების სქემა

24 დეკ 202217:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/chyud7zv9kjzhlf.png

ვაკის პარკის ტრაგედიაში ბრალდებულების ადვოკატების ცნობით, მერიის თანამშრომლები ახალ ჩვენებებში ამბობენ, რომ ტრაგედიის დროს პარკის რეაბილიტირებული შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა და ექსპლუატაციაში შესული არ იყო.

კომპანია მშენექსპერტის თანამშრომლების ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლების ჩვენების მიხედვით ობიექტი არ იყო ექსპლუატაციაში შესული და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი არ მოიცავდა ელექტროგაყვანილობის უსაფრთხოების სქემას.

შესაბამისად, ადვოკატების თქმით, შადრევნის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო გამაფრთხილებელი ნიშანი ან ტერიტორია დაცული უნდა ყოფილიყო.

მათი თქმით, ამ ჩვენებების შემდეგ, შესაძლოა მერიის სხვა თანამშრომლების პასუხისმგებელი საკითხიც დადგეს

„საქმეში პირდაპირ არსებობს თავად მერიის თანამშრომლების, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ჩვენებები, რომლებმაც მიიღეს ეს ობიექტი და ადასტურებენ, რომ მათ კარგად იცოდნენ, რომ ობიექტი ამ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ იყო შესული და რომ არ არსებობდა ელექტროგაყვანილობის უსაფრთხოების სქემა, რომელიც უნდა ახლდეს, რა თქმა უნდა, მსგავს ობიექტს. მათი განმარტება იყო, რომ ეს იყო შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი და მას შემდეგ, რაც ყველა შადრევნის კასკადი დასრულდებოდა შემდგომ იქნებოდა ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაც, რაც მათ შორის თავისთავად მოიცავდა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობას.

ეს შადრევანი იყო სატესტო რეჟიმში ჩართული - ეს არის თავად იმ ადამიანების, მერიის თანამშრომლების ჩვენებებით დადასტურებული, რომლებმაც ობიექტი მიიღეს, ჩაიბარეს“ - აცხადებს ამირან გიგუაშვილი,

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 იანვარსაა ჩანიშნული.

 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა. 19 ოქტომბერს გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს - მათ პატიმრობაც შეეფარდათ. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

24 ნოემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიებას კონკრეტული პასუხები ჯერ არ აქვს.


close დახურვა