უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.
როგორც ფეიგინმა საავტორო გადაცემის ეთერში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანასა და შესაბამის მკურნალობას.
ფეიგინის აზრით, მსგავსი ტიპის გლობალური აქცია კოლოსალურ შტაბეჭდილებას დატოვებს ყველაზე.
"ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, თუმცა არანაირი რეაქცია ამას არ მოჰყვა. ჩვენ იმედებს ვამყარებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ მისი მხრიდანაც არანაირი რეაქცია არ გვაქვს. სწორი იქნება სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია - არესტოვიჩთან ერთად Global day-ის ვაცხადებთ, ლოზუნგით Save Misha [გადავარჩინოთ მიშა].
ჩვენს ყველა მაყურებელს მოვუწოდებთ, 4 იანვარს, მსოფლიო ქვეყნების დედაქალაქებში, გავიდნენ საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან - პლაკატებით და შესაბამისი მოთხოვნებით. ამით მოახდინონ ზეწოლა დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ანუ საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მას მისცენ შესაძლებლობა აღმოჩნდეს ნორმალურ საავადმყოფოში ან გამონახონ სააკაშვილის პრობლემის გადაჭრის სხვა გზა. ასობით წერილი მივიღე სხვადასხვა წამყვანი დედაქალაქიდან - დაწყებული ვაშინგტონით, გაგრძელებული პარიზით, ბერლინით და დამთავრებული ლონდონით. 4 იანვარს - 12:00-14:00 საათის მონაკვეთში, თქვენი დროით, ბანერებით მიდით საქართველოს საელჩოებთან ყველა ქვეყანაში", - თქვა ფეიგინმა პირდაპირ ეთერში.
ამავე ეთერში ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ "მიხეილ სააკაშვილს საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში". მან ასევე მოუწოდა მაყურებლებს, გლობალურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან "არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანს ასე ექცეოდნენ".
"მეგობრები, თქვენ არ ერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში. საუბარია ადამიანის გადარჩენაზე და ელემენტარულ ადამიანის უფლებებზე - ადამიანის იმედზე, რომ სამართლიანმა სასამართლომ განსაჯოს. წარმოვიდგინოთ, რომ ეს სასამართლო სამართლიანია, მაგრამ როცა ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოწამვლის შესახებ, არ შეიძლება ასეთი სასამართლო მიიჩნეოდეს სამართლიანად...
თქვენ გამოხვალთ არა პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილისთვის, [რადგან ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ], არამედ გამოდიხართ ადამიანისთვის, რომელსაც საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში. არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი რამ ხდებოდეს და ადამიანს საჩვენებლად ანადგურებდნენ ციხეში - ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია", - განაცხადა არესტოვიჩმა ФЕЙГИН LIVE-ს ეთერში.
***
19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა. ზელენსკიმ თქმით, "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".
"მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, შობის წინ. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეჩერდეს.
გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გადაიყვანეთ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში. დროა, გადაიდგას ეს ნაბიჯი!"- თქვა ზელენსკიმ.
***
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.