თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წლიური ანგარიში წარადგინა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს ქართული ოცნების დეპუტატი კოტე ზარნაძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომათა დარბაზში, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებულნი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე გამოჩნდა. იანტბელიძე 2013 წელს მონაწილეობდა ე.წ კორცხელის ეპიზოდში, იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი და მონაწილეობდა ოპოზიციონერი დეპუტატების ფიზიკურ ანგარიშსწორებაში.
გიორგი იანტბელიძე სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა შენიშნა და იკითხა, რატომ ესწრებოდა ის სხდომას. დარბაზში გაისმა რეპლიკა: "ის [გიორგი იანტბელიძე] სპორტსმენი კი არა ზონდერია". შემდეგ კი, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კოტე ზარნაძემ დაიცვა გიორგი იანტბელიძე, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
"გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება. ეს არის მწვრთნელი, ღირსეული ადამიანი", - თქვა ზარნაძემ.
ინციდენტის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებს მიმართა და დამშვიდებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "ის, რაც ნახეს, ნამდვილად არ ჯდება საკრებულოს წევრის არანაირ ლოგიკაში".
თბილისის საკრებულოში კახა კალაძის ანგარიშის წარდგენის დროსაც იყო ხმაური. სამოქალაქო აქტივისტებს ჰქონდათ მცდელობა, გადმოეკიდათ ბანერი წარწერით "კორუფცია კლავს", რისი საშუალებაც მათ არ მისცეს და სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
კახა კალაძემ ანგარიში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიით დაიწყო და დეპუტატებს შადრევანში გარდაცვლილი მოზარდის ხსოვნისთვის პატივის მიგება სთხოვა.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს ტერიტორიაზე კახა კალაძეს სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ ადგილზე ჰქონდათ მიტანილი ბანერები: "უსამართლობით სავსე ქალაქი", "შიმშილით სავსე ქალაქი", "კორუფციით სავსე ქალაქი".