logo
ENG



ელჩები რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შეხვდნენ

28 დეკ 202220:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/28/0kbz1d4bre47na1.jpg

ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დღეს იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, მათი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის საქმეს ეხებოდა. 

ელჩებს არ დაუმალავთ, რომ საუბრის თემა ყოფილი პრეზიდენტი იყო, თუმცა დეტალებზე მათ არ უსაუბრიათ. 

"აქ ვიყავით ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნისა და აშშ-ის წარმომადგენლები. შევხვდით იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განვიხილეთ მიმდინარე პროცედურები და ჯანმრთელობის საკითხი, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ", - განაცხადა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა. 

მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე. მათი განცხადებით, "იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა" და დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდიან.


close დახურვა