logo
ENG



ვოლსკი ზურაბიშვილზე: კაპასი პასუხები იყო, უკან შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს

29 დეკ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock 601

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ამბობს, რომ "უკან შესაძლოა იდგეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს".

ვოლსკის თქმით, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც "გამოიარეს ტერორი სააკაშვილის ხელში და მათ არ სჭირდება ორგანიზება, როდესაც საშიშროება დგას მთავარი დამნაშავის გამოშვების".

"ეს ხალხი, ვინც გუშინ შეიკრიბა, არიან დაზარალებულები და სასტიკად ნაწამები ჰყავთ ოჯახის წევრი, წაართვეს ქონება, ღირსება, უამრავ ადამიანს, ვისთანაც პირდაპირ კავშირში არიან შეკრებილები და არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი, რომ ვიღაც უკეთებს ორგანიზებას. არავითარი ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ როდესაც საშიშროება დგას მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების, ადამიანთა გარკვეული ნაწილი შეიკრიბოს და ეს ნაწილია იმ ადამიანთა, რომლებმაც ტერორი გამოიარეს სააკაშვილის ხელში. ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები იყო და ამის უკან შეიძლება გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რომელიც აბსოლუტურად უპირისპირდება როგორც კონკრეტული ადამიანების ინტერესს, მათ ემოციას, ასევე ქვეყნის და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს და პოზიციას. შესაძლოა ამის უკან რაიმე იდგეს, იმიტომ რომ მისი პასუხი იყო აბსოლუტურად ორაზროვანი. არ ველოდები [შეწყალებას], არ მინდა, ვერც წარმომიდგენია რომ დაუშვებს ისეთ შეცდომას, როდესაც გარკვეული თაღლითური პიარ კომპანია, რომელიც მხარდაჭერილია გარკვეული უცხოური ძალების, პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების მხრიდან იქნება რეალიზებული ეს თაღლითური სქემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი", - თქვა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კამპანიის დროს "ქართული ოცნება დაუდგა გვერდში მისი ოჯახის ისტორიიდან, მისი დამოუკიდებლობიდან გამომდინარე", თუმცა ვოლსკის თქმით, "როდესაც საპირისპირო შედეგს იღებ, ვალდებული ხარ, ამაზე ღიად ილაპარაკო".

"პრეზიდენტად არის არჩეული, პრეზიდენტია, თუკი მას, მიუხედავად იმისა, ჩვენ გვერდზე ვედექით, არა მარტო ჩვენ, მთელი საზოგადოება, ვინც გუშინ იყო შეკრებილი მის სასახლესთან სწორედ მისი ამომრჩევლები არიან და იმის მოლოდინში არიან, რომ მისი პოზიცია იქნება სამართლიანი და არა ამპარტავნული, არამედ ზუსტად ისეთი, რომელზეც თვითონ საუბრობდა გარკვეული პერიოდის წინ. ჩვენ თუ გვერდზე დავუდექით, ამის მიზეზიც გვქონდა, იგი პირველი წარმომადგენელი იქნებოდა მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რომელიც წარმოადგენს დიასპორას, მისი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე, საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეული გამოცდილებიდან გამომდინარე და მათ შორის, მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო, რომ ის დამოუკიდებელია და არ არის მოწყვლადი გარკვეული პოლიტიკური ზეწოლების თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც საპირისპირო შედეგს იღებ, ვალდებული ხარ, ამის შესახებ ღიად ილაპარაკო", - თქვა მან.

28 დეკემბერს ლალი მოროშკინამ, ია მეტრეველმა და სხვებმა, მათ შორის საჯარო სამსახურის თანამშრომლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამართეს აქცია - "არ შეიწყალო მიშა".

გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კითხვას პასუხი "გაეცემა, როცა გაეცემა". 

აქამდე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა. მან თავდაპირველად პოზიცია პირველ ოქტომბერს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე პასუხი არის "არა და არასდროს". 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა თავისი განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი იყო.


close დახურვა