logo
ENG



სმიტი სააკაშვილზე: მოწამლულია, მძიმე მეტალები წამლავს სხეულის სხვადასხვა ორგანოებს

29 დეკ 202212:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/29/3s72x7483t534g9.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი იკითხება.

პროცესზე სმიტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოწამლულია მძიმე მეტალებით, რომელიც "გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და წამლავს სხვა ორგანოებს".

ტოქსიკოლოგი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აქვს თავის "ტვინის აღმასრულებელი რგოლის დაზიანება", რამაც გამოიწვია დემენცია.

"ჩემი აზრით, ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით, მათ შორისაა ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმ, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და ამ ექსკრეციის ანუ სხეულიდან გამოყოფის პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. ამის შედეგად მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დაზიანდა ტვინში არის თეთრი ნივთიერება ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ასევე ადგილი აქვს კუნთების გალევას. მას გააჩნია ასევე დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გასტრიტს, რაც იწვევს მუდმივ დიარეას და კახექსიას. მას გააჩნია დაზიანებები ღვიძლზე და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში ისეთში როგორიცაა გული და თირკმელები. მძიმე მეტალებით მოწამლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული"- თქვა სმიტმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებაზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა