logo
ENG



სმიტის თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში მეტალებმა, შესაძლოა, ინვალიდობა და სიკვდილი გამოიწვიოს

29 დეკ 202212:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/29/pv1dl96f4tmyojt.jpg

ამერიკელი ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტის თქმით, მძიმე მეტალების არსებობამ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში შესაძლოა მისი ინვალიდობა და სიკვდილიც გამოიწვიოს.

ადვოკატის კითხვაზე "პაციენტის მძიმე ავადმყოფობა მოიცავს თუ არა სხვადასხვა ხარისხით დაინვალიდების რისკს ან სიკვდილს", სმიტმა უპასუხა "დიახ, სიკვდილი და ინვალიდობა"

სმიტმა სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა, რომ სააკაშვილს არ მიუღია მძიმე მეტალებთან დაკავშირებით ადეკვატური მკურნალობა, მათ შორის თერაპია და დეტოქსიკაცია.

„დიახ, მას არ მიუღია ადეკვატური მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით. რაც მოიცავს განკურნვის თერაპიას, მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმს. ასევე დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებზე, რომლებიც მას სიმპტომების ნიველირებისთვის მიეწოდებოდა“ – განაცხადა დევიდ სმიტმა.

მათ შორის სმიტმა განაცხადა, რომ იმ წამლების ნაწილი, რითაც სააკაშვილს მკურნალობდნენ FDA-ის პროტოკოლს არ შეესაბამებოდა.

ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილს სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი მძიმე მეტალებისა და წამლებისგან დეტოქსიკაცია.

სმიტის თქმით, საქართველოში ამგვარი სპეციალიზებული მკურნალობა არაა ხელმისაწვდომი.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ისეთი სამედიცინო დაწესებულება სადაც შესაძლებელია სპეციალიზებული მკურნალობა მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციისას დეტოქსიკაციისთვის. შესაბამისად, ის გადაყვანილი უნდა იყოს ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში და აშშ-ში ჩვენ ასეთი დაწესებულებები გაგვაჩნია“ - განაცხადა დევიდ სმიტმა.

სმიტი ასევე დაეთანხმა ადვოკატების რჩევას, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელი მისი მკურნალობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადავადდეს.

სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მესამე პრეზიდენტი სხდომაზე დისტანციურადაც ვერ ერთვება.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

 

 
 
 
 

close დახურვა