ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობა ხალხის ძალა აცხადებს, რომ "უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექმნისა და მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის შესახებ" კანონპროექტებს ამზადებენ.
ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, უცხოური გავლენების აგენტების რეესტრში ყველა იმ NGO-სა და სუბიექტის რეგისტრაცია იქნება სავალდებულო, ვინც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებებში ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობენ.
მოძრაობის თქმით, ეს კანონპროექტი საუკეთესო დასავლური კანონპროექტების გათვალისწინებით მზადდება და ხალხის ძალა იანვარში კანონპროექტს იანვარში დააინიცირებს.
ხალხის ძალა აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციებს შემოსავლების და ხარჯების დეკლარირების ვალდებულება ექნებათ და ასევე სახელმწიფო უშუალოდ იქნება ჩართული მთელ რიგ პროცესებში.
მაჭარაშვილის თქმით, ეს კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების“ უზრუნველყოფაში შეიტანს წვლილს.
„ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით, ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ხალხის ძალის თქმით, ისინი ასევე მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც მედიაში "სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას" ითვალისწინებს. მათი თქმით, ეს კანონპროექტი ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას ეფუძნება და "სიცრუის გავრცელების პრევენციასა და მასზე რეაგირებას" ითვალისწინებს.
მაჭარაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტის მიღება წვლილს შეიტანს საქართველოში დეპოლარიზაციაში.
„ის ეფექტურად უზრუნველყოფს, როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას.
როგორც მოგეხსენებათ დღეს მთელი რიგი NGO-ები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ხალხის ძალის თქმით, ორივე კანონპროექტი პარლამენტს იანვარში წარედგინება და მოძრაობას მათ მიღებასთან დაკავშირებით "პრინციპული პოზიცია" ექნება.
მსგავსი შინაარსის კანონები მიღებული აქვთ რუსეთში და მას აქტიურად იყენებენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვი ყოველკვირეულად ზრდის ე.წ. უცხო აგენტების სიას.
ე.წ. უცხო აგენტების სიას აწარმოებს აშშ-იც, თუმცა ვაშინგტონში ამბობენ, რომ ამერიკის და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამასთან რუსეთი ამ კანონს თავისუფალი იდეების დასაბლოკად იყენებს და არა - გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამერიკის ხმასთან ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ კანონის აღსრულება-გამოყენების პრაქტიკა ორ ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავდება და ამას რუსეთში ამ კანონის მედიის წინააღმდეგ ექსკლუზიური გამოყენების მაგალითებიც ადასტურებს.
რაც შეეხება "სიცრუის რეგლამენტაციას" მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში. მოსკოვმა სამხედრო ცენზურა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააწესა და იმ მედიასაშუალებების მუშაობას ზღუდავს, რომლებიც მათთვის მიუღებელ ინფორმაციას ავრცელებენ.