logo
ENG



სამინისტრო ლევილის მამულზე გავრცელებულ ინფორმაციას "შეცდომაში შეყვანის მცდელობას" უწოდებს

03 იან 202320:45
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის სამინისტრო ლევილის მამულის შესახებ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მოქალაქის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია "საზოგადოებაში შეყვანის მცდელობაა".

"სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით.

სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სხვენში არაერთი წლის მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა არამარტო სხვენს, არამედ მთლიანად შატოსაც, შარშან და მიმდინარე წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვენის სახურავის შეკეთება შატოს რეაბილიტაციამდე, რაც 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რეაბილიტაციამდე დაგეგმილია სხვენის და შატოს სხვა ნაწილების დაცლა, ასევე, შენობის გაწმენდა აზბესტისაგან. მათივე თქმით, 2022 წლის ნოემბერში, ლევილის მამულის გუშაგის სახლში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

"პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია. ჩატარდა ბაზრის კვლევა და შედეგად შეირჩა სამუშაოთა განმახორციელებელი კომპანია გალავნის რეაბილიტაციის მიზნით, გამოიცა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება. გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694,56 ევრო", - ამბობენ სამინისტროში.

რაც შეეხება შატო-მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, უწყება აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად საპროექტო განაცხადის დაზუსტება მიმდინარეობს - მათი თქმით, პროექტი რამდენიმე ფაზად განხორციელდება.

"რაც შეეხება მამულის პარკს, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. მამულის პარკში (3.09ჰა) მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად წარიმართა და დეკემბერში დასრულდა.

სამუშაოების ღირებულებამ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 12 000 ევრო შეადგინა. გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა, მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი სრულად აღრიცხა, პარკის განვითარების კონცეფციაში მათ სათანადოდ წარმოსადგენად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე თქმით, მიმდინარე წლიდან მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით, ფრანგულ კომპანია Scop Val’Emploi-სთან თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება. უწყება ამბობს, კომპანია 2023 წლის მანძილზე უზრუნველყოფს რამდენიმე რეგულარულ ჩარევას მამულის ტერიტორიაზე - ამასთან, კომპანიამ განსაზღვრა მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ხეხილზე განსახორციელებელი ჩარევები 5977,80€ ღირებულებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით.


close დახურვა