საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.
მის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, არც ერთი არ იყო.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიიღეს.
ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას მომდევნო 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
გენპროკურორის კანდიდატურის განხილვა პარლამენტში 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შოთაძე მისი პროკურორობის დროს წარმოებული საქმეების გამო მწვავედ გააკრიტიკეს და მას ბიძინა ივანიშვილის "მონა" უწოდეს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ შოთაძე წინასაარჩევნოდ "ოპონენტების დევნის იარაღი" იქნება.
შეგახსენებთ, შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე იკავებდა. მის მიმართ უკმაყოფილება საზოგადოებამ არაერთი საქმის გამო გამოხატა, თუმცა თანამდებობის დატოვება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მწვავე პროტესტის შემდეგ მოუწია.