logo
ENG



ქისტაურის დედა: მე ვერ ვიძახი, რომ მკვდარია, როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!

05 იან 202323:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/tt2t89t14wg96yc.jpg

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის მკვლელობას დედა არ ადასტურებს.

"რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!" - უთხრა იზა არღვლიანმა რადიო თავისუფლებას.

ფორმულასთან საუბრის დროს მან მწვავედ გააკრიტიკა მედია მის შვილზე გავრცელებული ინფორმაციის გამო.

"თქვენ არღვევთ ყველას უფლებას, ჩემი დაკარგული შვილისას, ჩემი ახლობლებისას, საერთოდ ადამიანის უფლებას. მე თქვენთვის ყველასთვის მოვიცლი", - თქვა დედამ ფორმულასთან.

ლიზა ქისტაური უკვე რამდენიმე წელია ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. 5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა მოკლეს და დედას ცხედრის ფოტოები გაუგზავნეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იზა არღვლიანი ცხედრის ამოსაცნობად პოლიციაში დაიბარეს.

ბელგიაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ლიზა ქისტაურს იცნობენ, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ოჯახი ქალის გარდაცვალებას არ ადასტურებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან და არკვევს სიტუაციას.


close დახურვა