logo
ENG



შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში, მოკლულია 5 ადამიანი - განახლებადი [ვიდეო]

20 იან 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock 7590
2023/01/20/3zu4fjk30y9uris.png

20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი. არიან დაშავებულებიც. 

 

20.01 - 17:00

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას ერთ-ერთი დაჭრილის მამა ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი შვილი რეანიმაციაშია და დიდი ოდენობით სისხლი სჭირდება.

დაჭრილი 24 წლის კაცის, გიორგი კიკნაძის მამა მოსახლეობას მეორე ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლის ჩაბარებით დახმარებისკენ მოუწოდებს.

  • ნებისმიერი ჯგუფის და რეზუსის სიხლის ჩაბარება შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ სისხლის ბანკში. ხდება სხვადასხვა ჯგუფის სისხლის საჭირო ჯგუფის სისხლზე გადაცვლა და საგარეჯომდე ტრანსპორტირება. 

 

20.01 - 15:45

ფორმულას ინფორმაციით, საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას დაჭრილი ერთ-ერთი ადამიანი ჯეოჰოსპიტალიდან გაწერეს.

ეს ინფორმაცია, ფორმულას კლინიკაში დაუდასტურეს. 

 

20.01 - 13:40 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, საგარეჯოში შეიარღებული თავდასხმისას მოკლულთა შორის არის წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე, ზაქრო მათიაშვილი.

"გარდაცვლითა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგლითო მოხალისე საგარეჯოდან" - წერს ორგანიზაცია.

 

20.01 - 12:40 

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება საგარეჯოში მომხდარს ეხმიანება და ამბობს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი მათი პარტიის წევრი ვალერი მათიაშვილია, რომლის სიცოცხლესაც "ამ მომენტისთვის, საფრთხე არ ემუქრება".

გირჩი - მეტი თავისუფლება გარდაცვლილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

 

20.01 - 11:27

ექიმის განცხადებით, საგარეჯოში დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოებში.

"ამჟამად კლინიკაში რჩება 4 ავადმყოფი. 3ის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. ის ამ ეტაპისთვის განაგრძობს ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მძიმე პაციენტს, რომელიც 21 წლის გახლავთ, აქვს გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა და ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში"- თქვა ექიმმა.

 

20.01 - 11:13

ექიმის თქმით, საგარეჯოდან თბილისში გადაყვანილი დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას თვალზე ოპერაცია სჭირდება.

"დაახლოებით დილის 4 საათზე ახალგაზრდა ქალია გადმოყვანილი საგარეჯოს საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადის მიერ. დიაგნოზია მარცხენა თვალში უცხო სხეული და ნაფლეთი ჭრილობა. ვამზადებთ ოპერაციისთვის, მალე დაიწყება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"- განაცხადა ექიმმა.

 

20.01 - 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარის შედეგად დაღუპული პოლიციელი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა", - შსს

 

20.01 - 08:20

ექიმის განცხადებით, საგარეჯოში დაჭრილი ხუთივე მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ-ერთი მათგანი კი შედარებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

დაჭრილებიდან ერთი კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაიყვანეს.

 

20.01 - 05:27

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულდა

გომელაურის თქმით, თავდასხმის დაწყებისას ბრალდებულის სახლში იმყოფებოდა მისი სრულწლოვანი შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.  

 

20.01 - 05:10

საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა. 

 

20.01 - 05:01

ადგილობრივების განცხადებით, თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა. მეზობლის თქმით, სროლა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

"მესამე სართულის აივნიდან ისროდა, თავისი სახლიდან, მერე წინა მხრიდან ისროლა შვიდჯერ. ჩემი თვალით 4 მოკლული დავინახე. ვინც დასახმარებლად მივიდა, ყველას გაუხსნა ცეცხლი... ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. დაპირისპირებაც არავისთან ჰქონდა", - ამბობს ფორმულასთან ერთ-ერთი თვითმხილველი. 

 

20.01 - 04:45

საგარეჯოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ თავდამსხმელმა, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახოციელა. 

 

20.01 - 04:30

თბილისი-საგარეჯოს ავტომაგისტრალზე პოლიციის რამდენიმე ბლოკპოსტია მოწყობილი და მოძრაობა შეჩერებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს საგარეჯოში შესასვლელი ჩაკეტილი აქვთ და ტერიტორიაზე არავის უშვებენ. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია. 

 

20.01 - 04:05

საგარეჯოს კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სროლის შედეგად საავადმყოფოში 5 ადამიანი გადაიყვანეს. ექიმის თქმით, ერთ-ერთი პაციენტი თბილისის კლინიკაში გადაჰყავთ, ხოლო 4 საგარეჯოს საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას და მათ ოპერაციები უტარდებათ. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

 

20.01 - 03:58

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. ფორმულას ინფორმაციით, რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანამ ადგილი უკვე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია ლიკვიდირებულია თუ არა თავდამსხმელი. 

 

20.01 - 03:19 

შსს-ის ცნობით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან შეარაღებულმა მოქალაქემ რამდენჯერმე ისროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
 
უწყებაში ამბობენ, რომ თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის თანამშრომლებსაც და მათგან ერთ-ერთი დაიღუპა. 
 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.
 
პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გახსროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
 
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ", - აცხადებს შსს.
 

20.01 - 02:32

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში შეიარაღებული პირი მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ საგარეჯოში ერთ-ერთი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი ავტომატური იარაღიდან ისვრის. 

მათი თქმით, არიან დაჭრილები და დაღუპულებიც. 

 

 


close დახურვა