logo
ENG



"როცა კარი შეაღო სპეცრაზმმა, გასროლის ხმა იყო" - გომელაური საგარეჯოს სპეცოპერაციაზე ჰყვება

20 იან 202305:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/21qkv7a19wor4xy.png

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საგარეჯოში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. 

გომელაურის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა თავდამსხმელს დანებებისკენ მოუწოდა, თუმცა მან სროლა განაგრძო, რის შემდეგაც რაზმი თავდამსხმელის ბინაში შევიდა. გომელაური ამბობს, რომ ბინაში შესვლისას შსს-ს წარმომადგენლებმა გასროლის ხმა გაიგეს და ოთახში თავდამსხმელის ცხედარი დახვდათ. 

შს მინისტრი ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელის სახლში იპოვეს ხელყუმბარის რგოლები, რის შემდეგაც ადგილი გამნაღმველებმა დაათვალიერეს. 

"სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება. მოუწოდეს დანებებისკენ, რა თქმა უნდა. იგივე გასროლა განახორციელა კიდევ რამდენიმე. როდესაც კარი შეაღეს სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო რომ შევიდნენ, საწოლზე გადაწოლილი და ავტომატი უკვე, ცეცხლსასროლი იარაღი გვერდით ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები, რამდენიმე ცალი და შეიძლებოდა ეს იყო დანაღმული ან ქვეშ ჰქონოდა ნაღმი ამოდებული. შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, გამოვიძახეთ გამნაღმველები, დაათვალიერეს. ახლა დაასრულეს გამნაღმველებმა მუშაობა და აფეთქებულია არა მთლიანი ხელყუმბარა, იქვე გამსკდარი იყო..." - თქვა გომელაურმა. 

***

***

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი.

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

თავდასხმის დეტალები - სრულად 


close დახურვა