ხვალ სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის და ერთ-ერთი მფლობელის, დავით კეზერაშვილის საქმის განხილვაა ჩანიშნული.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ კეზერაშვილის საქმის განხილვა, ფორმულას, როგორც კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან.
გუმბარიძის თქმით, კეზერაშვილის საქმის ხელახალი განხილვა სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ფორმულა დააფუძნა.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გერმანიაში იმყოფება და ბუნდესტაგის დეპუტატებთან შეხვედრებს მართავს. იგი აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებული არიან და პირდაპირ აცხადებენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, თუ ხელისუფლება კრიტიკულ მედიას ოპერირებაში ხელს შეუშლის.
"ხვალ არის ფორმულას საქმე სასამართლოში, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის ფორმულას საქმე და ეს საქმე მხოლოდ იმიტომ იხილება სასამართლოში, რომ დავით კეზერაშვილმა გადაწყვიტა ფორმულას დაფუძნება. სწორედ ამის მერე დაიწყო ეს პრობლემები, რომლებსაც ახლა ვაწყდებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი იყოს ჩახშობილი ქვეყანაში და იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლოს და მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, მათ შეძლონ ფორმულას ფუნქციონირების შეწყვეტა.
ზუსტად ამისთვის ვიმყოფები ახლა ბერლინში, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოვუყვე იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში მედია. მაშინ როცა, ქვეყანა გადის პერიოდს და ჩვენ - ან მივიღებთ, ან ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ცხადია მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოს აქვს გახსნილი შესაძლებლობების ფანჯარა და ამ დროს ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ფაქტობრივად აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გერმანელი კანონმდებლები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული და მათი გზავნილები არის ძალიან მკაცრი, რომ თუ მედიაზე ზეწოლა არ გაჩერდება და თუ მედიას არ ექნება თავისუფლად ოპერირების საშუალება, მაშინ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - თქვა გუმბარიძემ გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.
გუმბარიძე ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ფორმულას მიტაცების რამდენიმე ვერსიაზეც საუბრობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ქართულს ოცნებას კეთილგონიერება ეყოფა და მცდარ ნაბიჯს არ გადადგამს.
"თუ სასამართლოს მეორე და მესამე ინსტანციების მხრიდან თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი. დავით კეზერაშვილის ბინა და საბანკო ანგარიშები არის გაყინული. ამის გარდა ერთადერთი მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც მას საქართველოში გააჩნია - არის ფორმულას 51%-იანი წილი, რომელიც საკონტროლო პაკეტს წარმოადგენს. ამ წილის დაყადაღების შემდეგ, რამდენიმე ვერსია არსებობს - შეიძლება იყოს დროებითი მმართველის შემოყვანა და მისი მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, როგორც ეს სცადეს რუსთავი 2-ის დროს, ან წილის დაყადაღება და შემდგომ მისი გასხვისება, რომლის ფარგლებშიც აუქციონზე ხელისუფლებასთან დაკავშირებული რომელიმე ბიზნესმენი შეიძენს არხს.
ბევრნაირი ვერსიის მოფიქრება შეიძლება, თუმცა მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეყოფა ხელისუფლებას კეთილგონიერება. ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, მაშინ როცა გვაქვს ისტორიული ფანჯარა გახსნილი, ნუ იქნებიან ლავროვის შექების იმედად და ნუ ექნებათ ამის სურვილი, არამედ იარონ ევროპის მიმართულებით, რადგან ეს არის მოსახლეობის 80%-ის არჩევანი", - ამბობს ზუკა გუმბარიძე.
***
29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.