logo
ENG



პოლონეთმა Leopard-ების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობა გერმანიისგან ოფიციალურად მოითხოვა

24 იან 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock 578
2023/01/24/3o24ulsnx31o8qp.jpg

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, ქვეყანამ Leopard-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემა ოფიციალურად მოითხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ მან Twitter-ზე გაავრცელა.

"გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობის შესახებ. მე ასევე მივმართავ გერმანულ მხარეს, რომ შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას Leopard 2-ის ტანკებით ეხმარებიან. ეს ჩვენი საერთო მიზანია, რადგან ეს სრულიად ევროპის უსაფრთხოებას ეხება", - აღნიშნა მან.

უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვს. როგორც უკრაინული მხარე ამბობს, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭიროა გერმანიის თანხმობა. გერმანიის ოფიციალური პირები კი აღნიშნავენ, რომ გერმანია არაა წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს, თუმცა საკითხზე გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღიათ.

23 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. მისი თქმით, Leopard მძიმე ჯავშანტექნიკაა, რომელიც შეტევის დროს გამოიყენება და მათი გადაცემისას კარგად უნდა დაფიქრდნენ.

ამასთან, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, გერმანიის მხრიდან უკრაინას ტანკები უნდა მიეწოდოს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა კი გერმანიას მოუწოდა, გადასცეს Leopard-ები უკრაინას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის მომარაგებისთვის ყველაფერი გაკეთდეს.


close დახურვა